დავით ლოგუა ზუგდიდში 13 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგობრებთან ერთად იყო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა.
„ზუგდიდში მე-20 დღეა, რაც ვატარებთ აქციას, რეჟიმის წინააღმდეგ. ერთ-ერთი აქცია იყო, მანქანების კოლონით ქალაქის ქუჩების მოვლა საქართველოს და ევროკავშირის დროშით. პატრულის ეკიპაჟი აგვედევნა და სამკედრე კამერებით გვიღებდნენ. შვიდი ადამიანი დაგვაჯარიმეს, მეგობრები ყოველდღიურად ჩართული ვართ მშვიდობიან დემონსტრაციებში“, - ეუბნება ლოგუა რადიო თავისუფლებას, რომლის ექვსი მეგობარიც იმავე მიზეზით დააჯარიმეს.
მისი სიტყვებით, მას პოლიციამ უთხრა, რომ კოლონაში მონაწილე სხვა მძღოლების გამოსავლენად ორთვიანი ვადა აქვთ.
1 დეკემბერს ავტოკოლონაში გადაადგილებისთვის 6 დეკემბერს დააჯარიმეს ქუთაისში ქეთი ხურციძე და ნიკა ჯანელიძე.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
დღეს, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეა. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, შსს-ში კი ამბობენ, რომ დაშავდნენ მათი თანამშრომლებიც.
ხალხმრავალი დემონსტრაციების საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ აქციის მონაწილეებისთვის კანონი გაამკაცრა. რამდენიმე დღეში ამოქმედდება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ავტოკოლანში მონაწილეობისთვის მძღოლს 1000 ლარით დააჯარიმებენ და მართვის მოწმობას ერთი წლით შეუჩერებენ.