კერძოდ, კანონპროექტით, "ქართული ოცნება" 500-დან 5000 ლარამდე ზრდის ჯარიმას "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის ნორმების დარღვევისთვის. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, იგი 15 000 ლარით დაჯარიმდება. კოდექსის მოქმედი ვერსიით, დამრღვევი ორგანიზატორისთვის 5000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
ასევე, დაგეგმილი ცვლილებით, მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის [სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება] ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. განმეორებით წესის დამრღვევი კი 500 ლარის ნაცვლად, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ 2 000 ლარით დაჯარიმდება.
ასევე, ჯარიმები 500 ლარიდან 2000 ლარამდე იზრდება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებისთვისაც. წესის განმეორებით დარღვევისთვის კი 3000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, 1 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად, ახლა უკვე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებასაც გამოიწვევს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1983 მუხლი, რომლის თანახმად, პირი, რომელიც არ არის შსს-ს თანამშრომელი და ატარებს შსს-ს ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას ან სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ანდა ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებულ ტანსაცმელს ან ანატრიბუტიკას, 2000 ლარით დაჯარიმდება და ჩამოერთმევა სამართალდარღვევის საგანიც.
მეთხუთმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს მის წევრობაზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.