2012 წელს თავისი დიპლომატების გაწვევის შემდეგ საფრანგეთი პირველად მიავლენს დიპლომატებს სირიაში. ეს შესაძლებელი გახდა ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ.
ასადთან პარიზს ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ფრანგი დიპლომატისგან შემდგარი ჯგუფი სირიაში 18 დეკემბერს ჩავა.
მათი ამ ვიზიტის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა. ჯგუფს დაევალება „დაამყაროს პირველადი კონტაქტები“ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, ასევე შეაფასოს მოსახლეობის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებები, იუწყება Radio France Intarnationale-ი.
ფრანგმა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო იორდანიაში გამართულ შეხვედრაში, რომელიც სირიაში გარდამავალ პერიოდს მიეძღვნა. მასში საფრანგეთთან ერთად მონაწილეობდნენ აშშ-ის, თურქეთის, ევროპის ქვეყნებისა და არაბული სამყაროს წარმომადგენლები.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიასთან ურთიერთობის ნორმალიზება მისი ახალი ხელისუფლების პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ”ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები დამასკის ახალი ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ვიცით ზოგიერთი ისლამისტური ჯგუფის წარსულის შესახებ,” - თქვა ბარომ და აღნიშნა, რომ სირიის მთავრობა უნდა წარმოადგენდეს ამ ქვეყნის მთელ მოსახლეობას და გარდამავალი პერიოდი საბოლოოდ უნდა დასრულდეს თავისუფალი არჩევნებით. მინისტრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააუმჯობესებს ურთიერთობას გარდამავალ ხელისუფლებასთან, თუ ის პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობებს და ქალებს, ასევე გააგრძელებენ ტერორიზმთან, კერძოდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას.
ფრანგი დიპლომატების დამასკში ჩასვლის მიზანი იქნება დიპლომატიურ ობიექტებზე საკუთრების აღდგენა.
საფრანგეთმა დახურა თავისი საელჩო სირიაში და გაიწვია დიპლომატები 2012 წლის მარტში, ამ ქვეყანაში ფართო რეპრესიებისა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.
დასავლეთის სხვა ქვეყნებიც იტყობინებიან კონტაქტების თაობაზე სირიის ახალ ხელისუფლებასთან.
კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა დაამყარა პირდაპირი კონტაქტები ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა წამყვან ძალასთან - ჰაიათ-თაჰრირ-ალ-შამთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჯგუფება აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი.
მოსკოვმაც გაავრცელა ინფორმაცია სირიის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების შესახებ, კერძოდ, რუსული ბაზების მომავლის საკითხზე.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალეთის ამ ყოფილ ტერიტორიებზე, სირიასა და ლიბანზე, საფრანგეთის მანდატი ამოქმედდა. პარიზმა იქ გარკვეული გავლენა შეინარჩუნა დამოუკიდებელი სირიის სახელმწიფოს შექმნის შემდეგაც, მაგრამ 2011 წლის შემდეგ ოფიციალურ დამასკთან ურთიერთობა ფაქტობრივად გაწყდა.
სადამის განდევნის შემდეგ დამასკში მუშაობა განაახლა თურქეთის საელჩომ, რომელიც 2012 წელს დაიხურა.