პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური.
პარტიის განცხადებით, ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს ინკლუზიური ფორმითა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე პოზიციას და ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა მიტაცებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქართველ ხალხს მოჰპარა თავისუფალი არჩევანის უფლება და ქვეყანა შეიყვანა მძიმე სისტემურ კრიზისში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგების კანონიერებას, და შესაბამისად, პარლამენტს და არც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უკანონოდ არჩეულ რომელიმე ორგანოს ლეგიტიმურობას“, – აცხადებს პარტია.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი „გახარია საქართველოსთვის“ „არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის – უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს“.
პარტიაში ამბობენ, რომ შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება:
- დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა განთავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას უკანონოდ დაკავებული პირები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ სისტემის მძევლად აქცია.
- უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში.
14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტად ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას გეგმავს.
წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.
ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტებით, საკრებულოებიდან პარტიების კვოტები კოლეგიაში შემდეგნაირად ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ – 54 წევრი
„ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი
„გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი
„ძლიერი საქართველო — ლელო“ – 4 წევრი
„ევროპული საქართველო“ – 2 წევრი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი
„ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრი
შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) დეპუტატი ეყოლება.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.