14 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას სოფელ არგვეთთან

1 hour ago 2

"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია, იდაყვის სახსარში. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში" - ზესტაფონის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის, თამარ მახათაძის ამ კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

ამავე ექიმის ცნობით, შედარებით მძიმე დაზიანებები აქვს კიდევ ხუთ მგზავრს.

"ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს წელის არეში აქვთ წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაჟეჟილობებით" - უთხრა მან ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, როგორია დაშავებულთა მდგომარეობა - უწყებაში გვითხრეს რომ დაკავებული არ არის ავტობუსის მძღოლი.

ავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით ტურისტებს ემსახურებოდა, მოგვიანებით, შსს-მ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს იყო სამგზავრო ავტობუსი, რომლითაც არა მხოლოდ ტურისტები, საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მგზავრობდნენ.

ზესტაფონის კლინიკის ცნობით, დაშავებული მგზავრებიდან 5 უკრაინის მოქალაქეა.

სრულად წაკითხვა