კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებისა და რესპუბლიკელების მიერ წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ბრძოლას არ შეწყვეტს და ისევ დაუპირისპირდება „ფეიკებს“ და „მემარცხენე რადიკალებს“.
თეთრი სახლის თანახმად, „ყოველ ჯერზე, როცა მემარცხენე რადიკალები, ფეიკ-ახალი ამბები და პროფესიონალი პანიკიორები პრეზიდენტ ტრამპს ნეკროლოგებს უწერდნენ, ცდებოდნენ. ისინი ისევ შეცდებიან“.
თეთრი სახლის საიტზე 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორი წლის განმავლობაში დემოკრატები შეეცდებიან გააუქმონ ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება.
ტრამპის მიღწევებს შორის, რომლებსაც თეთრი სახლის აზრით, დემოკრატები გააუქმებენ, ჩამოთვლილია საზღვრების გაძლიერება, გადასახადების შემცირება, სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერება, ქვეყანაში არალეგალურად მყოფთა მასობრივი დეპორტაცია და ა.შ.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დემოკრატებს ექნებათ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მორიგი მცდელობაც, წინა ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ.
თეთრი სახლის განცხადება სრულდება იმით, რომ ყველა ეს მცდლობა წარუმატებელი იქნება და პრეზიდენტი ტრამპი ბრძოლას არასდროს არ შეწყვეტს.
ტრამპმა მედია თეთრი სახლის მომავალ სამეჯლისო დარბაზში მიიწვია
4 ნოემბერს ჟურნალისტები მიიწვიეს თეთრი სახლის იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრამპის გადაწყვეტილებით სამეჯლისო დარბაზს აშენებენ თეთრი სახლის გაუქმებული აღმოსავლეთის ფრთის ნაცვლად.
აშშ-ის პრეზიდენტი მედიას დიდხანს ელაპარაკა ამ მილიონობით დოლარის ღირებულების პროექტზე და იმაზე, თუ რა დიდებული დარბაზი გამოვა.
კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ბიულეტენში თავად რომ ყოფილიყო, რესპუბლიკელები გაიმარჯვებდნენ.
ამასთან, აღიარა, რომ არჩევნების შედეგზე გავლენა იქონია ირანთან ომმა და ფასების ზრდამ.
radiotavisupleba ახალი ამბები