WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ამბავი ნობელიანტი ავტორის, მარია რესას ახალ წიგნში მოხვდა.

„შეწინააღმდეგება: მოქალაქის გზამკვლევი დიქტატორებთან დასაპირისპირებლად“ ფილიპინელის ჟურნალისტის ახალი წიგნია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

წიგნში მარია რესა წერს, რომ ჟურნალისტები ყოველთვის პირველები ხდებიან თავდასხმის სამიზნე და ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს მზია ამაღლობელის საქმე. ის ციტირებს კლუნების ფონდის TrialWatch-ს, რომ „სასამართლო პროცესი იყო ფარსი“.

„მზიას არ შეეძლო სასამართლო დარბაზში თავისუფლად ლაპარაკი. სისტემა შექმნილი იყო მის გასაჩუმებლად. იგი შუშის კაბინაში იყო გამოკეტილი, რაც უზღუდავდა საკუთარ ადვოკატებთან საუბრისა და საკუთარ თავდაცვაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ამიტომ მან წიგნი აღმართა. ჩემი წიგნი „როგორ აღვუდგეთ წინ დიქტატორს“. ქართული თარგმანი. ეს ფოტოსურათი — მზია შუშის კაბინაში, რომელსაც წიგნი ყდით კამერისკენ უჭირავს — ერთ ღამეში იქცა სიმბოლოდ. სასამართლო დარბაზის გარეთ, ქართველი მომიტინგეები თბილისის ქუჩებში ამ წიგნის ეგზემპლარებით დადიოდნენ. შიგნით კი ქალი, რომელმაც ოცდახუთი წელი თავისი ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი მედიასაშუალების შექმნას მიუძღვნა, თავის დასაცავად ერთადერთ დარჩენილ იარაღს იყენებდა: სხვის სიტყვებს, რადგან სახელმწიფომ მას საკუთარი სიტყვები წაართვა“, — წერს მარია რესა.

მისი თქმით, ამ ფოტოს ნახვის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებდა თვალს და გაოცებული იყო პროტესტის შეუპოვრობით.

„მზია ამაღლობელს დამოუკიდებლობის დიდი ისტორია აქვს. იგი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია — ონლაინგამოცემების, რომლებმაც საქართველოში ოთხ პოლიტიკურ რეჟიმს გაუძლეს და თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ამხელდნენ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. დაიბადა შუახევის რაიონის სოფელ ჭვანაში. ახალგაზრდობაში სამი ძმიდან ერთ-ერთი დაეღუპა. მოგვიანებით მან საკუთარ თავზე აიღო ძმისშვილებისა და მათი შვილების ფინანსური რჩენა. ოცდასამი წლის ასაკში, მან ორ მეგობართან ერთად შექმნა „ბათუმელები“, რათა წინ აღსდგომოდა ძალაუფლებას საბჭოური სტილის პროპაგანდის პერიოდში. ისინი გამორჩეულები იყვნენ და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც. 2003 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ბათუმელები“ დახურა, რამაც აიძულა ისინი, კომპანია თბილისში გადაეტანათ“, — წერს მარია რესა.

მარია რესა ამბობს, რომ მისი გამოცემის, Rappler-ის თანადამფუძნებლების მსგავსად, მზია ამაღლობელს და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლებსაც გამოვლილი ჰქონდათ დაშინებები და დაკავებები.

„როდესაც მისმა ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ეთერ თურაძემ დაინახა, როგორ გააწნა მზიამ სილა პოლიციის უფროსს, თქვა, რომ შოკირებული იყო, რადგან ეს საქციელი მისთვის სრულიად უჩვეულო იყო: „ის ძალიან თავდაჭერილი ადამიანია“, — თქვა ეთერმა. მზიამ ციხეში შიმშილობა დაიწყო, რომელიც ოცდათვრამეტი დღე გაგრძელდა. მისი მხედველობა მკვეთრად გაუარესდა: დღეს ერთი თვალით მხოლოდ 10%-ს ხედავს, მეორით კი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს. 2025 წლის 6 აგვისტოს სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკემბერში ევროპარლამენტმა მას სახაროვის პრემია მიანიჭა აზრის თავისუფლებისთვის. 2026 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მზიას სააპელაციო საჩივრის განხილვაზე. იგი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში პირველი დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტია. ციხიდან მან დაწერა: „თავისუფლება სიცოცხლეზე ბევრად ძვირფასია და ის სასწორზე დევს. იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“, — წერს მარია რესა.