რუსეთის დიზელით დატვირთულმა ორმა ტანკერმა - რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების კვალდაკვალ - მარშრუტი შეცვალა.
ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა Financial Times, ხომალდების სამეთვალყურეო მონაცემებზე და ბაზრის მონაწილეთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ტანკერი Talisman-ი, რომელსაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები აქვს დაწესებული, გაემართა ხმელთაშუა ზღვისკენ და ალჟირის ნაპირებთან იმყოფება. დანიშნულების ადგილად ამერიკის პორტის ნაცვლად ხომალდი ასახელებს სტატუსს "განკარგულების მოლოდინი".
მეორე ტანკერმა, სახელად Leruo, რომელიც ჰონგ-კონგის კომპანიას ეკუთვნის და სიერა ლეონეს დროშით ცურავს, დანიშნულების ადგილი ბრაზილიით შეცვალა. ამ ხომალდისთვის სანქციები დაწესებული აქვთ დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და კანადას.
მესამე ტანკერი, სახელად Agioi Fanendes-ი, რომელიც ბერძნულ კომპანია Eastern Mediterranean Maritime-ს ეკუთვნის, აგრძელებს აშშ-ის მიმართულებით მოძრაობას, თუმცა ასევე აჩვენებს სტატუსს "განკარგულების მოლოდინში". ხომალდის მფლობელის განცხადებით, ტვირთის გადმოტანის პორტი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
კიდევ ერთი ტანკერი, Taurus-ი, სამეთვალყურეო მონაცემების თანახმად ამერიკის რამდენიმე პორტს მიადგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტვირთის გადმოზიდვა არ მოხერხდა. 4 ნოემბერს ხომალდი იმყოფებოდა ნორფოლკში, შემდეგ ბალტიმორში ჩავიდა.
მეხუთე ხომალდი, Beast-ი - რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული და სეიშელის კუნძულებზე განთავსებულ კომპანიას ეკუთვნის - 27 ოქტომბერს რუსეთის პრიმორსკის პორტში დაიტვირთა დიზელის საწვავით და ატლანტის ოკეანეში გაეშურა. დანიშნულების ადგილად ის ასახელებს აშშ-ის ატლანტის სანაპიროს.
ტრამპი პუტინს რუსეთის დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეუთანხმდა აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თეთრი სახლი იმედოვნებდა, რომ ეს შესაძლებელს გახდიდა საწვავის ფასის შემცირებას, ნავთობის პროდუქტების დეფიციტის ფონზე.
შეთანხმებას მოჰყვა კრიტიკა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელთა ნაწილის მხრიდან. კანონმდებლებმა ეჭვი გამოთქვეს შეთანხმების კანონიერებაზე და მისი გაუქმება მოითხოვეს.
ანალიტიკოსები Financial Times-ე ეუბნებიან, რომ ამერიკელი მყიდველები იურიდიული და სანქციებთან დაკავიშირებული ფაქტორების გამო ავლენენ თავშეკავებას. ამასთან, მათი აზრით, მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეები მოწმობს, რაოდენ რთულია რუსეთის დაბრუნება მსოფლიო ეკონომიკაში, აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერის პირობებშიც კი.
radiotavisupleba ახალი ამბები