18 იანვარს დაკავებულების ნაწილი პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფასა და ძალის გადამეტებაზე ჰყვება - ომბუდსმენი

6 hours ago 3

18-19 იანვარს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა. ეს ირკვევა სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.

უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულთა ნაწილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებაც განაცხადა.

„სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას (რასაც ღამით მონახულებული მოქალაქეები დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ) და განმარტა, რომ „მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური“.

„მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ის პრესცენტრის ცნობით, თემქის პოლიციასთან, გუშინ, 18 იანვარს ჯამში ექვსი ადამიანი დააკავეს. მათ შორისაა, გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.

რეჟისორის, გურამ მაცხონაშვილის მეგობრები ადვოკატზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მაცხონაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იმავე დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, - ზანდუკელის ქუჩიდან, - სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა წაიყვანეს ორი დემონსტრანტი - რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია. მოგვიანებით, შსს-ში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით.

პირველი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეორე კი - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას, - მათ, სავარაუდოდ, სახის დაფარვას ედავებიან.

სრულად წაკითხვა