სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის ფარგლებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე თამაში გამართა და მასპინძლებმა 57:19 გაიმარჯვეს.
ინგლისთან ისტორიული მოგების შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. სამხრეთ აფრიკა ა ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და პირველსავე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.
მეტოქე მე-5 წუთზე დაწინაურდა, როდესაც მოლით დაახლოებით 25 მეტრი დაფარა და ლელო გაიტანა. საქართველომ მე-11 წუთზე უპასუხა, როდესაც კარის წინიდან ჯარიმა არ დაარტყა, 5-მეტრიანი დერეფნიდან საპასუხო მოლი ააგორა და ის გოჩა ფიცხელაურის ლელოთი დასრულდა. თამაში რომ განახლდა დავით არობელიძემ ჩვენს 22-ში მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დაახლოებით 80 მეტრი ირბინა, მაგრამ მცველი მას ლელოს სიახლოვეს წამოეწია და დაწინაურების შესაძლებლობა არ მოგვცა.
ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკა ა სრულად დაეუფლა ინიციატივას, შესვენებამდე 4 ლელო გაიტანა და ტაიმი 31:5 მოიგო.
საქართველომ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და გაბრიელ რაზმაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, ლევან ბუცხრიკიძემ კი გარდასახა. მასპინძლებმა ლელოთი მალევე გვიპასუხეს, 57-ე წუთზე კი 5-მეტრიანში ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ გიორგი ბერძენიშვილმა კიდევ ერთი ძალისმიერი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ბოლო სიტყვა კვლავ სამხრეთ აფრიკის იყო, რომელმაც მორიგი ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 19:57.
საქართველო სამხრეთ აფრიკაში მესამე, დასკვნით თამაშს 16 აგვისტოს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ის ჩვენი დროით 15:30 საათზე დაიწყება.