2 მილიონის ანაზღაურების შემდეგ ხაშურის საკრებულოს ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოთი გაათავისუფლეს

1 week ago 30

დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით დაკავებული ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან გამრეკელი თავისუფალია. პროკურატურაში აცახდებენ, რომ მან მიყენებული ზიანიდან ნაწილი (2 მილიონი ლარი) უკვე დაფარა, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება კი 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

„რაც შეეხება მიყენებული ზიანის თანხის ნაწილს,ბრალდებულს ასანაზღაურებლად მიეცა კონკრეტული დრო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ლევან გამრეკელის უძრავ-მოძრავი ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია. ბრალდებულ ლევან გამრეკელის სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“.

მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წაუყენეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან გამრეკელი 2017-2025 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

აგვისტოში გამოცემა "ქართლის ამბები" წერდა, რომ მან უარყო ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი "ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა. ამავე გამოცემის თანახმად, ის არც საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სიაში არ აღმოჩნდა და 1 ნოემბერს თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ ასრულებდა ხაშურის საკრებულოში მუშაობას.

ტელეკომპანია "ფორმულა" ლევან გამრეკელისა და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ "საეჭვოდ მოგებული ტენდერების" შესახებ რამდენიმე წლის წინ იტყობინებოდა.

სრულად წაკითხვა