სომხეთის ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, მილიარდერ სამველ კარაპეტიანს, ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა.
კარაპეტიანი გუშინ, 4 ნოემბერს, დააკავეს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთის ელექტროენერგეტიკული ქსელისთვის 64,5 მილიარდი დრამის (დაახლოებით 178,86 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ზიანის მიყენებას ეხება.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კარაპეტიანის გარდა, სისხლის სამართლის საქმე კიდევ 35 პირის წინააღმდეგ აღიძრა.
მათ ედავებიან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ორგანიზებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მინდობილი ქონების მითვისების ორგანიზებას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ცალკეულ ეპიზოდებს.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ამ პირებს შორის არიან სომხეთის ელექტროქსელების კომპანიის (ENA) დირექტორთა საბჭოს ცალკეული წევრები, კომპანიის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე, ასევე სხვა პასუხისმგებელი პირები.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ვარდან მაკარიანი, სომხეთის ელექტროქსელების კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.
გუშინვე სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანისა და ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის სახლები.
ნარეკ კარაპეტიანმა მომხდარი „ძლიერი სომხეთის“ მოძრაობის მიერ ახალი კონსტიტუციის საკითხზე დაფიქსირებულ მკაცრ პოზიციას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი ამ გზით მათ „გადარწმუნებას“ ცდილობს.
ბოლო დღეებში სომხეთის შიდაპოლიტიკური დისკუსიების მთავარი თემა ახალი კონსტიტუცია გახდა. ოპოზიცია მას „ალიევის კონსტიტუციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს დოკუმენტს.
სომხეთის მმართველ პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“, რომელმაც ბოლო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციის, სულ მცირე, ექვსი ხმა სჭირდება.
გასულ წელს მილიარდერ სამველ კარაპეტიანს ბრალი წარუდგინეს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებებით. საქმე სასამართლოში განიხილება.
კარაპეტიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
radiotavisupleba ახალი ამბები