20 ივნისის საქმეზე რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება - გამზირი გადაკეტილია

1 day ago 2

რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაკეტილია. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, იქ საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ტარდება.

გამზირი გადაკეტილია სასტუმრო "თბილისი მარიოტიდან" თავისუფლების მოედნამდე.

პროკურატურა ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს (გავრილოვის ღამის სახელით ცნობილი აქციის დაშლა) თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში.

პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით:

გადაკეტილი რუსთაველის გამზირი, 11 ივლისი, 2025 წელი

გადაკეტილი რუსთაველის გამზირი, 11 ივლისი, 2025 წელი

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დაზარალებულების მონაწილეობით ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება“.

რადიო თავისუფლებას პროკურტურაში ეუბნებიან, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.

გამზირი გადაკეტილია სასტუმრო "თბილისი მარიოტიდან" თავისუფლების მოედნამდე

გამზირი გადაკეტილია სასტუმრო "თბილისი მარიოტიდან" თავისუფლების მოედნამდე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სოციალურ ქსელში ეხმაურება სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და წერს:

"საქმე იმაშია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, Tsaava and Others v. Georgia, nos. 13186/20 and 4 others, რომლის "აღსასრულებლადაც" ტარდება ეს ღონისძიებები, დიდ პალატაშია გასაჩივრებული და არ წარმოადგენს აღსრულების საგანს. გათვლა იმაზე, რომ ამ საქმეში დიდი პალატაც ცნობს პროცედურულ დარღვევას ნამდვილად საფუძვლიანია, თუმცა ასეთ მონდომებას სულ სხვა მიზანი აქვს. არც პირველი შემთხვევაა, როცა რეჟიმი ევროსასამართლოს პოლიტიკური მიზნებით იყენებს".

რუსთაველის გამზირი საღამოს ექვსი საათისათვის გაიხსნა.

რუსთაველზე 200 დღეზე მეტია, ყოველ საღამოს იკრიბებიან პროევროპული აქციის მონაწილეები.

11 ივლისს იქ დაგეგმილია გაზეთის, ,,თავისუფლების ხმა ციხიდან", მეორე ნომრის პრეზენტაცია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა გასული წლის მაისში დაადგინა.

სასამართლოში წარდგენილი იყო 26 განმცხადებლის საქმე, რომლითაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ გადამეტებული ძალის შედეგად, რაზე გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევდნენ.

გარდა ამისა, მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლების დარღვევის ცნობისგან.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა მომჩივანთა უმრავლესობისთვის თანხის გადახდა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.

გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი გიორგი გახარია. გახარიამ 2021 წელს დატოვა "ქართული ოცნება".

სრულად წაკითხვა