3-4 დეკემბრის ღამეს დემონსტრაციიდან კლინიკებში გადაყვანილია 15 ადამიანი

2 weeks ago 11

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშაბული.

მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია.

დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

სრულად წაკითხვა