“3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის. 3 ადამიანს კვლავ ვეძებთ”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუერის უფროსმა ტეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ გარდაცვლილია 3 წლის თაიას დედა. თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია. მაშველები კვლავ ეძებენ 3 ადამიანს. მათ შორის ერთ ბავშვს.
ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთულ პირობებში გრძელდება. ადგილზე მყოფი სამაშველო სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, კორპუსის მასალა მცირე ფრაგმენტებადაა ჩამოშლილი და ტერიტორია ძლიერად ჩახერგილია, ხოლო მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.
მისივე თქმით, შენობის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია სპეციალური აღჭურვილობა, რომლითაც მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ნანგრევებიდან კონტაქტზე გამოსული არავინ დაფიქსირებულა.
კითხვაზე, სად და რა ვითარებაში იპოვეს ნანგრევებში ბავშვი, სპიკერმა განმარტა, რომ იგი დაახლოებით მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ახლა მთავარი ყურადღება სწორედ ამ მონაკვეთზეა გადატანილი.
გაიგეთ მეტი:
netgazeti