3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გამარჯვებით დასრულდა ტრადიციული ტურნირი Tbilisi Challange, რომლის ორგანიზატორიც თბილისის კალათბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ. ტურნირი, რომელშიც საქართველოში არსებული უძლიერესი 3×3 კალათბურთელები შეიკრბინენ, 4 ივნისს, ლისის ტბაზე გაიმართა. გამარჯვებული გახდა გუნდი თბილისი, რომელიც ნაკრების წევრებით იყვნენ დაკომპლექტებული. დაძაბულ და დრამატულ ფინალში თბილისმა აღნიშნული ტურნირის არაერთგზის გამარჯვებული – ბებერი არწივი 12:10 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირი კარგი მოსამზადებელი შესაძლებლობა გახლდათ. ჩვენი ნაკრები 6 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობას იწყებს, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება. ჩვენი ნაკრების ღირსებას ლუკა ზაქრაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ანზორ ნადირაძე იცავენ. ამ შემადგენლობით საართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ ლიეტუვაში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ პანევეჟისში გამართულ საერთაშორისო ტურნირში საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.
Tbilisi Challange-ზე ტრადიციულად 12 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები 4 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი და ნახევარფინალში თითო საუკეთესო გავიდა. ერთ ნახევარფინალში ბებერმა არწივმა 10:8 დაამარცხა გუნდი ბერუ. ხოლო თბილისის სახელით მოასპარეზე ნაკრებმა Space Jam-ს 10:5 სძლია. ბებერ არწივში ილია ლონდარიძე, ზურა მაჩალაძე, ირაკლი ალხანაიძე და ნოდარ გოგოძე ასპარეზობდნენ.
ფინალში დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელიც თბილისის გამარჯვებით – 12:10 დასრულდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლევან გოგიჩაიშვილი დასახელდა, რომელსაც მაღაზია NIKE-ს სასაჩუქრე ვაუჩრი ერგო. გამარჯვებულმა და ფინალისტმა გუნდებმა 2000-ლარიანი საპრიზო ფონდი გაინაწილეს, ხოლო გამარჯვებულს მსოფლიო ტურის 3×3 ტურნირზე გასამგზავრებელი საგზურიც ერგო. პრიზიორები თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა დააჯილდოვა.
gbf.ge