WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. ამის შესახებ, დღეს 23 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სანდერის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ნანა სანდერიც.

ადვოკატის თქმით, პროკურატურასთან შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო შეთანხმებით დატოვოს საპატიმრო. გოგა ბოგვერაძის სიტყვებით, ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას.

"ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მზადაა პროკურატურაც. თუმცა პროკურორის განმარტებით, პირობების შესათანხმებლად შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.

პირობებების შეთანმხების შემთხვევაში ნანა სანდერი საპატიმროს ნოემრის დასაწყისში დატოვებს.

რისთვის იხდის სასჯელს ნანა სანდერი?

2026 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნანა სანდერი 2025 წლის 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხელისუფლება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულებს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს. ამ შეთავაზებით უკვე არაერთმა პატიმარმა ისარგებლა - შედეგად, მათ პატიმრობის ვადა შეუმცირეს ან გაათავისუფლეს.

სანდერი სასამართლო პროცესების განმავლობაშიც აცხადებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

ნანა სანდერი 16 წლის განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო.

რაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდებულებს.

აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. დღევანდელ სხდომას სააპელაციო სასამართლოში ისიც ესწრებოდა.

აბო ნავერიანს 5 წელი მიესაჯა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურდა ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობისთვის

ამავე მუხლით დამანაშავედ ცნეს ანტონ უპერი და მასაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის ძებნაში იმყოფება.

მარიამ მეყანწიშვილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს, მას ყველაზე მსუბუქი მუხლით ედავებოდნენ - ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.

„4 ოქტომბრის აქციის“ საქმე სააპელაციოში

4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე მსჯავრდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს. საპროცესო გაუფორმებს მსჯავრდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასჯელის მოხდას პირობითი მსჯავრის ქვეშ გააგრძელებს.

საპროცესო გაუფორმეს ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. მათ ციხე 8 ოქტომბერს დატოვეს.

19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს საქმის კიდეც ერთი ფიგურანტი ზურაბ ჭავჭანიძე - "ბათუმელი მედროშე".

პოლიტიკოსების ჩათვლით 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს. საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 23 დაკავებული [გიორგი ჩახუნაშვილის ჩათვლით].

პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს. ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.

„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.

ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.