4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის მიღწეული შეთანხმება დღეს, სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ დაამტკიცა.
საპროცესო გარიგების გათვალისწინებით, ნიკოლოზ გვენცაძის 5-წლიანი განაჩენი შეიცვალა 1-წლიანი საპატიმრო მსჯავრით, კიდევ სამი წელი კი იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. შესაბამისად, ნიკოლოზ გვენცაძე საპატიმროს დაახლოებით ორ კვირაში დატოვებს.
ნიკოლოზ გვენცაძე არის ერთ-ერთი მსჯავრდებული 4 ოქტომბრის საქმის ე.წ. ორგანიზატორების, 10-პირიანი განაყოფიდან. სააპელაციო სასამართლოში ამ განაყოფის საქმის განხილვა გრძელდება და მას მოსამართლე თეა ლეონიძე განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დადების კანონით განსაზღვრული საფუძველი ბრალის აღიარებაა.
ნიკოლოზ გვენცაძის გარდა, განაყოფ, როგორც უწოდებენ, ძირ საქმეში დანარჩენი ფიგურანტები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, თორნიკე მჭედლიშვილი.
უკვე თავისუფალია თორნიკე მჭედლიშვილიც. ის ერთ-ერთია იმ 226 პატიმრიდან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
მომდევნო სხდომას 4 ოქტომბრის ე.წ. „ორგანიზატორების“ საქმეზე მოსამართლე თეა ლეონიძე 5 ოქტომბერს ჩაატარებს.
ამ 10-პირიან საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2026 წლის 7 მაისს გამოიტანა.
- პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;
- მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;
- ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;
- პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;
- ლაშა ბერიძე — 7 წელი;
- ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;
- ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;
- თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;
- ნიკა გვენცაძე — 5 წელი;
- გური ჟვანია — 5 წელი.
რას ედავებიან თითოეულ მსჯავრდებულს, წაიკითხეთ აქ:
netgazeti