47 წლის ქალი ემსხვერპლა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული დრონით შეტევას

5 days ago 7

11 იანვრის დილას, ზაპოროჟიეს ოლქში, რუსული დრონით შეტევას ემსხვერპლა ქალი. ინფორმაციას ავრცელებს რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი ივან ფიოდოროვი.

მისი სიტყვებით, უპილოტო აპარატი ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. 47 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებიან, რომ 11 იანვრის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით გაუშვა 74 უპილოტო აპარატი. მათგან 47 უკრაინის ჯარმა ჩამოაგდო. დრონების ნამსხვრევებმა დააზიანეს სახლები და ავტომობილები.

რუსეთი თითქმის სამი წელია ომს აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე. პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

გაეროს მონაცემებით, 2024 წლის სექტემბრისთვის, უკრაინაში წარმოებულ ომს ემსხვერპლა დაახლოებით 11,5 ათასი ადამიანი. დაშავდა 20 ათასზე მეტი. გაერო ასევე აღრიცხავს რუსეთის არმიის მხრიდან წამების, დასჯის, გატაცების, გაუპატიურების ფაქტებს.

სრულად წაკითხვა