ევროკავშირში მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია, დანია და საბერძნეთი ერთობლივად მუშაობენ ე. წ. „დაბრუნების ცენტრების“ (Return Hubs) შექმნაზე ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, სადაც თავშესაფრის მიღებაზე უარყოფილი მიგრანტები განთავსდებიან მათი წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებამდე.
ინიციატივა ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ზრდისა და დეპორტაციის არსებული მექანიზმების არაეფექტიანობის ფონზე გაჩნდა. ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის, Eurostat-ის მონაცემებით, სამშობლოში რეალურად იმ პირთა მხოლოდ მესამედზე ნაკლები ბრუნდება, ვისაც ევროკავშირის ტერიტორიის დატოვება ევალება.
ახალი პროექტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება. ამასთან, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო ერთიან კოალიციას ქმნის საკამათო პროექტის პრაქტიკაში განსაახორციელებლად.
რა არის „დაბრუნების ცენტრები“?
ე. წ. ექსტრატერიტორიული ბანაკები, რომლებსაც „დაბრუნების ჰაბებსაც“ (Return Hubs) უწოდებენ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე სპეციალური ცენტრები იქნება. ამ ბანაკებში გადაიყვანენ იმ მიგრანტებს, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებმა საბოლოოდ უარყვეს.
ცენტრების მთავარი მიზანი დეპორტაციის პროცესის დაჩქარებაა. მიგრანტები აღნიშნულ ცენტრებში დარჩებიან მანამ, სანამ მათი სამშობლოში დაბრუნების პროცედურები არ დასრულდება.
პროექტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მექანიზმი შეამცირებს ევროკავშირის ქვეყნებზე მიგრაციულ ზეწოლას და არალეგალურ მიგრაციას ნაკლებად მიმზიდველს გახდის.
ევროკომისიის პოზიცია
ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ დაბრუნების ეფექტიანი სისტემა მიგრაციის მართვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.
მისი თქმით, ევროკომისია მზად არის წევრ სახელმწიფოებთან ერთად იმუშაოს ახალი და ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიებაზე.
„დაბრუნება მიგრაციის მართვის ეფექტიანი სისტემის აუცილებელი ნაწილია და ჩვენ მზად ვართ, წევრ ქვეყნებთან ერთად ვიმუშაოთ ახალი გადაწყვეტილებების შემუშავებაზე,“ — აღნიშნა ევროკომისარმა.
ახალი რეგულაცია და მისი მნიშვნელობა
ხუთი ქვეყნის ერთობლივი ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის ახალ რეგულაციას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს მიგრაციული პოლიტიკის ნაწილი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გადაიტანონ.
რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნებმა გასული წლის დეკემბერში შეათანხმეს და ამჟამად მასზე მუშაობა ევროპარლამენტში მიმდინარეობს.
დოკუმენტის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში წევრ სახელმწიფოებს ექნებათ შესაძლებლობა არალეგალი მიგრანტები მესამე ქვეყნებში გაგზავნონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქვეყნები მათი წარმოშობის ქვეყანასთან პირდაპირ კავშირში არ არიან. აუცილებელი პირობა იქნება შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების არსებობა.
ცენტრები შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც ტრანზიტული პუნქტები, ან როგორც ადგილები, სადაც მიგრანტები გარკვეული დროით იცხოვრებენ დეპორტაციის მოლოდინში.
რომელი ქვეყნები მიიღებენ მიგრანტებს
ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ქვეყნები გახდება დაბრუნების ცენტრების მასპინძლები.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ინიციატივაში ჩართული სახელმწიფოები კონკრეტულ მიმართულებებს უკვე განიხილავენ, თუმცა საჯაროდ მათი დასახელებისგან თავს იკავებენ, რათა მოლაპარაკებების პროცესი არ დაზიანდეს.
მოსალოდნელია, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე ასეთი ცენტრების განთავსებაზე დათანხმდებიან, ევროკავშირი ან მონაწილე სახელმწიფოები ფინანსურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სტიმულებს შესთავაზებენ.
საბერძნეთის განსაკუთრებული როლი
საბერძნეთის მთავრობის წყაროების ინფორმაციით, ათენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ინიციატივაში მონაწილე ერთადერთი სამხრეთევროპული ქვეყანაა.
ბერძნული მხარე მიიჩნევს, რომ პროექტი მხოლოდ მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი არ არის. მისი მიზანია ასევე მკაფიო სიგნალის გაგზავნა პოტენციური მიგრანტებისთვის, რომ ევროკავშირში უკანონო გზით მოხვედრის შემთხვევაში თავშესაფრის მიღების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება.
მწვავე დებატები ადამიანის უფლებებზე
მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ევროკავშირის რამდენიმე მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს, ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგნად რჩება.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები შიშობენ, რომ ევროკავშირის გარეთ მდებარე ცენტრების შექმნამ შესაძლოა საერთაშორისო სამართლის, თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოშვას.
თუმცა მიგრაციული ზეწოლის ზრდისა და დაბრუნების დაბალი მაჩვენებლის ფონზე ევროკავშირის არაერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ არსებული სისტემა აღარ მუშაობს და უფრო მკაცრი მიდგომებია საჭირო.
თუ ევროპარლამენტი ახალ რეგულაციას დაამტკიცებს, ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილება მოხდება, რაც შესაძლოა მომდევნო წლებში არალეგალური მიგრაციის მართვის ევროპული მოდელის საფუძვლად იქცეს.
ნინო ხოშტარია

7 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·