2025 წლის 22 ივლისს, „ჰუალინგ პლაზას“ სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულიდან ოთხი წლის გიორგი გადავარდა და მინუს ერთ სართულზე დაეცა.
ბავშვი გაეტია ესკალატორსა და მოაჯირს შორის დატოვებულ ღია სივრცეში, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნორმის დარღვევა იყო.
ოჯახს „ჰუალინგის“ წინააღმდეგ სამოქალაქო დავა აქვს. „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრის შენობა ამ დავის ფარგლებში დაახლოებით სამი თვეა დაყადაღებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლითაც მიმდინარეობს.
ამ სტატიაში მოგიყვებით იმ გზაზე, რაც გიორგიმ და მისმა ოჯახმა გაიარა და დღემდე გადის.
„მახსოვს, რომ სანამ ინგოროყვას კლინიკამდე მივედით, ისტერიულად ვრეკავდი, ხომ ცოცხალია-მეთქი“, – იხსენებს გიორგის დედა, ნუცა ბარაბაძე „ნეტგაზეთთან“ და გვიყვება, როგორ შეატყობინა ტელეფონით მომხდარი ამბავი ძიძამ, რომელიც თავადაც მძიმე მდგომარეობაში იყო.
ბავშვი აღმზრდელთან ერთად სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგ პლაზას“ მესამე სართულზე იმყოფებოდა. შემთხვევის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ ის ესკალატორთან თამაშობს, რა დროსაც მოულოდნელად ვარდება.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ლითონის შემინულ მოაჯირსა და ესკალატორს შორის მანძილი ანუ ღრიჭო, სადაც, ბავშვი გაეტია 17 სანტიმეტრი იყო. მოაჯირი ამ ნაწილზე დაუმთავრებელ მდგომარეობაში იყო დატოვებული.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია:
„იგი ვარდება მესამე სართულიდან ღია სივრცეში. ოთხი სართულის სიმაღლიდან, სადაც სიმაღლე -1 სართულამდე შეადგენს 16, 363 მეტრს“.
დასკვნის მიხედვითვე, ის კერამოგრანიტის ზედაპირზე დაეცა და სხვადასხვა სახის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
„ესკალატორს და მოაჯირს შორის იყო დატოვებული ღია სივრცე, სადაც არ იყო დამცავი ბარიერი, არც რაიმე ნიშანი, რომ იქ არ შეიძლებოდა ბავშვთან ერთად ასულიყავი, ან ახლოს მისულიყავი. დატოვებული ჰქონდათ ღია სივრცე, რომელიც, შრომის უსაფრთხოების წესების მიხედვით არ უნდა ყოფილიყო 10 სმ-ზე მეტი. რეალურად ეს სივრცე იყო 17 სმ, სადაც ჩემი შვილი თავისუფლად გაეტია და გაძვრა“, – გვიყვება ნუცა ბარაბაძე.
ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ „კიბეების, აივნებისა და სახურავების შემოფარგვლის“ შესახებ ნორმატივის სტანდარტის
თანახმად შიდა მოაჯირის ვერტიკალურ ელემენტებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 10 სანტიმეტრს.
მოცემულ საქმეში, მოაჯირი დაუმთავრებელია და ღიობის შემომფარგლავ მოაჯირსა და ესკალატორს შორის მანძილი 10 სმ-ის ნაცვლად 17 სმ იყო. „რის გამოც მოხდა აღნიშნულ ადგილას ბავშვის გაძრომა“, – ვკითხულობთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის ნაწილში.
„სქრინი“ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან
გარდა ამისა, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება, უსაფრთხო იყოს. ამავე კანონით, მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ.
სამოქალაქო დავის გარდა მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ორ პირს ბრალდება პროკურატურამ გუშინ წარუდგინა. დღეს მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულები „ჰუალინგ პლაზაში“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერისა და შრომის უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციას იკავებდნენ.
დაშავებული ბავშვი თავდაპირველად ინგოროყვას კლინიკაში შეიყვანეს, სადაც ერთი თვის განმავლობაში იწვა. მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დედა იხსენებს, რომ შემთხვევის დღესვე მივიდნენ ოჯახთან „ჰუალინგ პლაზას“ წარმომადგენლები და უთხრეს, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყვებოდნენ.

„გიორგის აქვს თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება… ტვინის მარცხენა მხარე საერთოდ არ არის ცოცხალი, ასე ვთქვათ. აქვს ელენთა ამოკვეთილი, ჰქონდა ფილტვების დაზიანება, ფეხი ჰქონდა მოტეხილი. საავადმყოფოში შესვლის შემდეგ ორჯერ გაუჩერდა გული. ამ ტვინის დაზიანების გამო, მარჯვენა მხარეს აქვს პარეზი, რაც ნიშნავს ხელის და ფეხის უმოქმედობას. წაერთვა მეტყველება და საერთოდ არ ჰქონდა მხედველობა შემთხვევის დღიდან ხუთი-ექვსი თვე“, – გვიყვება დედა.
მისი თქმით, მხედველობა ბავშვს ნელ-ნელა აღუდგა მას შემდეგ, რაც თავის დახურვის ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ხედვის უნარი იმდენად სუსტია, რომ აუცილებელია ნეიროოფთალმოლოგიური რეაბილიტაცია, რაც საქართველოში არ ხდება.
ნუცა ბარაბაძე გვიყვება, რომ ერთი თვის შემდეგ, როცა მდგომარეობა დასტაბილურდა და შესაძლებელი გახდა ბავშვის თურქეთში გადაყვანა, ოჯახმა მიიღო „ჰუალინგ პლაზას“ შეთავაზება, რომ ბავშვის მკურნალობის ხარჯები მათ დაეფინანსებინათ.
„გვქონდა შეხვედრა სადაც გაჟღერდა, რომ ჩვენ ახლა კი წავიდოდით თურქეთში სწრაფად და ვერ ვასწრებდით იმ მომენტში იურიდიული დოკუმენტის გაფორმებას, მაგრამ ეს ყველაფერი პროცესუალურად მერე დაგვეწეოდა და შეთანხმებას დავდებდით, რომ ისინი ბოლომდე აიღებდნენ პასუხისმგებლობას გიორგის მკურნალობაზე“, – ყვება დედა.

ნუცა ბარაბაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე „ჰუალინგ პლაზამ“ გადარიცხა თანხა „აჯიბადენის კლინიკაში“, გადაიხადეს სარეანიმაციო ჯეტის თანხა, ყველა ის ხარჯი, რაც იმ მომენტისთვის ბავშვისთვის იყო საჭირო.
კომპანიამ მეორე თვესაც დაფარა საჭირო ხარჯები, თუმცა, როგორც დედა გვიყვება, მოგვიანებით ოჯახს უთხრეს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ლიმიტი ამოეწურათ.
„განვიხილავთ გიორგის თავის დახურვის ოპერაციას და ამით პასუხისმგებლობა მოიხსნეს მათი ჭკუით“, – გვიყვება ნუცა ბარაბაძე.
ბავშვის ოჯახი არ დაეთანხმა შეთავაზებულ პირობებს, შესაბამისად, მათ არც თავის ოპერაციის თანხა აიღეს. თურქეთში აღნიშნული ოპერაციის ჩატარების შემდეგ ბავშვს კიდევ ორთვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა, რის შემდეგაც გიორგი სამშობლოში დაბრუნდა.
აღნიშნული ოპერაციის თანხის 50% ჯანდაცვის სამინისტრომ, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტმა დაფარა.
როგორია გიორგის მდგომარეობა დღეს
5 წლის გიორგის უმძიმესი დაზიანებებიდან გამომდინარე ხანგრძლივი, ინტენსიური, მრავალმხრივი რეაბილიტაცია სჭირდება.
დედა გვიყვება, რომ ბავშვი ამჟამად გადის რეაბილიტაციას, რომ დაიწყოს სიარული, დადის ლოგოპედთან, რათა შეძლოს საუბრის დაწყება, სჭირდება ნეიროოფთალმოლოგიური რეაბილიტაცია, ოკუპაციური თერაპიები, ფსიქო-ემოციური რეაბილიტაცია. ბავშვს შშმ პირის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„გიორგის სჭირდება ძალიან ბევრი წელი იმისთვის, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ. ეს, სამწუხაროდ, არ მოხდება არც ერთ წელში, არც ორ წელში, ნეტა მოხდეს, ძალიან მინდა, რომ მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ასეა, რომ გიორგი ერთ და ორ წელში ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო… იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად მიყვება რეაბილიტაციას და ზუსტად ამიტომ, რომ კარგად მიყვება რეაბილიტაციას, ამ პროცესის შერჩება არ შეიძლება, ეს უნდა იყოს მუდმივი“, – გვიყვება დედა, ნუცა ბარაბაძე.
დედა ხაზს უსვამს, რომ კომპანიას უბრალოდ ნორმა რომ დაეცვა, მისი ოჯახი დღეს ბედნიერად გააგრძელებდა ცხოვრებას და რომ მიუღებელია მსგავსი საკითხების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედაპირული დამოკიდებულების არსებობა.

„ძალიან მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, იმიტომ რომ ამან შეიძლება უზარმაზარი ტრაგედია გამოიწვიოს… ჩემი მაგალითით – გამოუსწორებელი ტრაგედია“, – ამბობს ის.
სასამართლო დავა
გიორგის მშობლებმა „ჰუალინგ პლაზას“ წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი გაზაფხულზე შეიტანეს. პირველი სხდომა 10 სექტემბერს ჩატარდა. „ნეტგაზეთს“ ოჯახის ადვოკატი, ზვიად კორძაძე ეუბნება, რომ სარჩელს ძირითადად ორი მოთხოვნა აქვს:
„ერთი არის უშუალოდ სამკურნალო ხარჯების ნაწილი, რომელიც უკავშირდება ბავშვის შესაძლო მკურნალობას მომდევნო წლების განმავლობაში, რომელზეც არსებობს ექიმების შესაბამისი დასკვნები და ხარჯთაღრიცხვები. მეორე ეს არის მორალური ზიანის ნაწილი, რომლის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა, რომ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა“.
„ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრის შენობა ამ დავის ფარგლებში დაახლოებით სამი თვეა დაყადაღებულია. ადვოკატის განმარტებით, ყადაღა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იყო მოთხოვნილი, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მხარემ აღნიშნული გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
„მოთხოვნილი თანხა საკმაოდ მაღალია და შესაბამისად ჩვენ გვჭირდებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში იყოს აღსრულების შესაძლებლობა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა“, – განმარტავს უფლებადამცველი.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე მცირეწლოვან ბავშვს ეხება, რომლის ორგანიზმიც იზრდება, ადვოკატი განმარტავს, რომ მომავალში შეიძლება გამოჩნდეს, რომ გიორგის კიდევ სჭირდება დამატებით სამედიცინო მანიპულაციები, შესაბამისად ფინანსური ხარჯიც შეიძლება გაიზარდოს.
„ჩვენ არასდროს სასამართლომდე არ მივიდოდით, რომ არა ის ფაქტი, რაც თურქეთში გააკეთეს. ჩვენთვის, პირველ რიგში, ჩვენი შვილის ჯანმრთელობაა მნიშვნელოვანი და მათ რომ ბოლომდე ედევნებინათ თვალი გიორგის ჯანმრთელობისთვის, ფინანსურადაც ბოლომდე გაყოლილიყვნენ გიორგის, არასდროს თავში არ მოგვივიდოდა, რომ სარჩელი შეგვეტანა და დამატებით კიდევ სტრესული გაგვეხადა ჩვენი ყოფა“, – ამბობს ნუცა ბარაბაძე.
დედა აღნიშნავს, რომ შესაგებელში ხშირადაა ნახსენები ძიძა და რომ კომპანია თითქოს ცდილობდა პასუხისმგებლობის მასზე გადატანას. ნუცა ბარაბაძე ხაზს უსვამს, რომ 4 წლის ბავშვი არ არის იმ ასაკში, რომ მუდმივად ხელში გყავდეს აყვანილი და რომ გამზრდელი ძიძის ადგილზე, იგივე სიტუაციაში თავადაც შეიძლება ყოფილიყო.
„[ბავშვი] შეიძლება სადმე გაგექცეს, შეიძლება სხვა ბავშვთან ითამაშოს, ათასი რაღაც შეიძლება… ამიტომ არის ეს კანონი, შრომის უსაფრთხოების წესი და ინსპექცია, რომ ჩვენ დაცულები ვიყოთ საჯარო სივრცეში. ფეხადგმული ბავშვი რომ გაგვექცევა, არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ აუცილებლად საიდანღაც გადავარდება და მოკვდება“, – გვიყვება ნუცა.
დედა ამბობს, რომ უყურადღებობის შემთხვევაშიც კი, მოაჯირთან რომ დამცავი ბარიერი ყოფილიყო, ბავშვი ფიზიკურად ვერ გადავარდებოდა.
ვიდეოში, რომლის ნახვის საშუალებაც „ნეტგაზეთსაც“ მიეცა, ჩანს, რომ ბავშვი არ გარბის მოაჯირისკენ, არც რაიმე სწრაფ მოძრაობებს აკეთებს.
„ჰუალინგ პლაზას“ პოზიცია
„ნეტგაზეთი“ ესაუბრა ადვოკატ თამაზ ურთმელიძესაც (ყოფილი მოსამართლეა), რომელიც ამ საქმეში „ჰუალინგ პლაზას“ იცავს. ჩვენ კომპანიისგან ზოგადი პასუხი მივიღეთ და ზოგიერთი კითხვა უპასუხოდაც დარჩა, რასაც ადვოკატი მიმდინარე დავის სპეციფიკით ხსნის:
„ვინაიდან მხარეები ვიმყოფებით სამოქალაქო დავაში, კომპანია არ თვლის მიზანშეწონილად, ისაუბროს სამოქალაქო სარჩელის ან/და მოპასუხის სამართლებრივი პოზიციის ცალკეულ ან/და ყველა დეტალზე, რათა ამან არ დააზარალოს მიმდინარე პროცესის ან მისი მხარეების ინტერესები, თუმცა შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია მასზედ, რომ ინციდენტის პირველივე წუთებიდან, იმ მოცემულობაში, როდესაც საერთოდ უცნობი იყო შემთხვევის დეტალები, კომპანია ჰუალინგი იდგა დაშავებული მცირეწლოვნის და მისი ოჯახის გვერდით, რაც გამოიხატა მყისიერ, როგორც ადამიანურ, ასევე ფინანსურ თანადგომაში. ყველაზე კრიტიკულ პერიოდში ოჯახმა ჰუალინგისაგან ფინანსური დახმარების სახით მიიღო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხა, რაც გადახდილ იქნა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში“, – ნათქვამია ჩვენთვის მოწოდებულ პასუხში.
„ნეტგაზეთს“ ჰქონდა კითხვა, რატომ შეიცვალა კომპანიის დამოკიდებულება მოგვიანებით, ბავშვის თურქეთში ყოფნის დროს, თავის ოპერაციის გაკეთებამდე, თუმცა აღნიშნულზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ადვოკატმა განმარტა, რომ კომპანია „ჰუალინგს“ ჰყავს შრომის უსაფრთხოების სამსახური და სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია.
რადგან დაზუსტებით ვერ მივიღეთ პასუხი, შეიცვალა თუ არა მოაჯირის ის ნაწილი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნორმას არღვევდა და რასაც აღნიშნული შემთხვევა მოჰყვა, ასევე იმის გასაგებად, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფო მაკონტროლებელმა სტრუქტურამ, შრომის ინსპექციამ, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, უწყებას კითხვებით მივმართეთ. პრესსამსახურისგან დაპირების მიუხედავად, ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.
სამოქალაქო დავის საქმეზე სასამართლოში მეორე სხდომა 15 ოქტომბერს ჩატარდა და მოსამზადებელ ეტაპზე გადაიდო. „ჰუალინგ პლაზამ“ მორიგების სურვილი გამოთქვა, თუმცა დაზარალებული ბავშვის ოჯახს ამ დრომდე მხარისგან უკუკავშირი არ მიუღია.
ბოლო დღეებში გიორგის მკურნალობის გასაგრძელებლად მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყეს – მიზანი სამედიცინო ხარჯებისთვის საჭირო 64 000 აშშ დოლარის შეგროვებაა.
netgazeti