მეხუთე დღეა სამძებრო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში, რომლის დაბომბვასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
6 ნოემბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 8 ცხედარი და დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
ცოტა ხანში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხაილო სემიკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.
5 ნოემბრის მონაცემებით, დადასტურებული იყო 42 ადამიანის სიკვდილი.
- რუსეთის ჯარებმა კომიშუვახას 2 ნოემბერს დაარტყეს, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე, 9 მართვადი ავიაბომბით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ავიაბომბებით დაარტყა სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა და შემდეგ დაბომბა თავშესაფარიც, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
ზაპოროჟიეს ოლქში 3-5 ნოემბერს გლოვა იყო გამოცხადებული.
რუსეთს კომიშუვახის დაბომბვასა და დიდ მსხვერპლზე კომენტარი არ გაუკეთებია.
- რუსეთის ჯარებმა კომიშუვახა ადრეც არაერთხელ დაბომბეს. ამ დაბაში არანაირი მსხვილი სამხედრო ან სამრეწველო ობიექტი არ არის, თუმცა ქალაქ ზაპოროჟიეს მისადგომებთან არსებულ თავდაცვით და სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
radiotavisupleba ახალი ამბები