WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება რუსეთში მისი პარტიის, „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას და ამბობს, რომ ამის გამო მილოცვებს იღებს.

„ვიღებ მილოცვებს!

პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.

რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.
საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები – სრულ უმცირესობაში.
ბოლომდე!“, – წერს ელენე ხოშტარია.

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო  არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.