6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 9 ადამიანი გადაიყვანეს

2 weeks ago 6

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 6-7 დეკემბრის ღამეს, პროევრუპული აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს.

მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია.

„ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან“, - წერია განცხადებაში.

სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.

ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკეს. დემონსტრანტების დაკავებისას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას სპეცრაზმი მათ ფიზიკურად უსწორდება.

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.

სრულად წაკითხვა