6000 ევრო დავით ხრიკულს

7 hours ago 2

ქართველ პიანისტს, 24 წლის დავით ხრიკულს, რომელიც ვარშავაში ფრედერიკ შოპენის სახელობის რიგით მე-19 პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა, 6000 ევრო გადასცეს. მიუხედავად დავითის ბრწყინვალე შესრულებისა, ჟიურიმ ის ყველანაირი საპრიზო ადგილისა და ჯილდოს გარეშე დატოვა, რამაც მსმენელის დამსახურებული პროტესტი გამოიწვია.

სოლიდური ფულადი ჯილდო ქართველ პიანისტს კერძო პირმა გადასცა, რასაც დარბაზში მყოფი მსმენელის მქუხარე ოვაციები მოყვა.

მირიან ხუხუნაიშვილი, დირიჟორი:

“დავით ხრიკული კერძო პირმა დააჯილდოვა 6000 ევროთი, როგორც გამორჩეული პიანისტი, რომელსაც არ მისცეს ლაურეატის წოდება. დავითის გამოსვლისას, დარბაზის რეაქცია საკმარისია იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ შეაყვარა თავი მსმენელს, რომელიც ყველაზე ძვირფასი ჯილდოა მუსიკოსისთვის.”

პ.ს. დავით ხრიკული დამოუკიდებელი საქართველის ისტორიაში პირველი პიანისტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსის ფინალში მოხვდა. წლევანდელ კონკურსში 642 პიანისტი იღებდა მონაწილეობას, ფინალში კი 11 მათგანი გადავიდა.

შოპენის საერთაშორისო კონკურსი პირველად 1927 წელს ჩატარდა და 1955 წლიდან 5 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა წლებში კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: მაურიციო პოლინი, მარტა არგერიხი, კრისტიან ციმერმანი და სხვა ცნობილი პიანისტები.

სრულად წაკითხვა