9 ევროპული ქვეყანა უკრანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდა.
კოალიციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარიზში გამართულ ლიდერების შეხვედრაზე მიიღეს. ერთობლივი დეკლარაცია ელისეის სასახლემ გაავრცელა.
„ჩვენ, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, ვაცნობიერებთ რა ბალისტიკური რაკეტების მხრიდან მომავალ მზარდ საფრთხეს და თავდაცვითი შესაძლებლობების მზარდ მნიშვნელობას ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, დღეს ვაცხადებთ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო კოალიციის შექმნის ინიცირებას. ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მისი ფლაგმანი პროექტისადმი, რათა დაჩქარებული ტემპით ვიმუშაოთ ანტიბალისტიკური თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე.
გვჯერა, რომ ევროპის დაცვა მოითხოვს ინტეგრირებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის გლობალურ გადაწყვეტას მომავალი სარაკეტო საფრთხეების შეკავებისა და მოგერიების მიზნით, რაც უნდა შემუშავდეს კოლექტიური ძალისხმევის, ტექნოლოგიური ღიაობისა და სანდო ინდუსტრიული თანამშრომლობის გზით. ის შეავსებს არსებულ ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის სუვერენულ ევროპულ გადაწყვეტებს, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა უკვე შეიძინეს ან მომავალში შეიძენენ. ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის, კვლევებისა და ოპერაციული გამოცდილების გაერთიანებით, ჩვენ მიზნად ისახავთ ევროპისთვის საერთო ანტიბალისტიკური სარაკეტო პოტენციალის შექმნას და შესაბამისი დამხმარე აქტივობების მხარდაჭერას. ამას ვაკეთებთ არა რომელიმე ხალხის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ხალხის დასაცავად“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
კოალიციის შექმნის შესახებ დეკლარაციაში 9 ევროპული ქვეყნის ლიდერი აღიარებს უკრაინის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მან რუსეთის აგრესიული ომისგან თავდაცვისას შეიძინა.
„ამ დეკლარაციის მეშვეობით, ჩვენ მიზნად ისახავთ ჩამოვაყალიბოთ საერთო ოპერაციული მოთხოვნები, ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, მართვის მკაფიო მექანიზმები და კოალიციის პირველი ოპერაციული შესაძლებლობებისკენ მიმავალი საგზაო რუკა — ჩვენი შესაბამისი კონსტიტუციური წესრიგისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ჩვენ შევეცდებით მხარი დავუჭიროთ ერთობლივ კვლევით და განვითარების აქტივობებს წამყვანი პროექტის ფარგლებში, მათ შორის დაფინანსების შესაბამისი შესაძლებლობების შესწავლის გზით, და ხელი შევუწყოთ მონაცემებისა და ინფორმაციის გაფართოებულ გაცვლას.
კოალიციის დამფუძნებელი წევრები არიან დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
კოალიცია ღია რჩება სხვა სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც იზიარებენ მის პრინციპებსა და მიზნებს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·