WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (პარტია ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმი“ ერთობლივი წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, და ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსს, და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ევროპელი პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია მოჰყვა იმას, რომ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა“ (FNF) გამოაცხადა, რომ იძულებულია, დახუროს თავისი ოფისი თბილისში. ორ ათწლეულზე მეტი ხნის მოღვაწეობის შემდეგ, გერმანული პოლიტიკური ფონდი იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მის საგრანტო განაცხადზე.

FNF-ის განცხადებით, „ხელისუფლების მხრიდან მკაფიოდ ითქვა, რომ ფონდის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა დასაშვები, თუ ის მმართველი გუნდის პრიორიტეტებს დაემთხვეოდა“, რამაც ორგანიზაციას დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა წაართვა.

წერილის გაგზავნის პარალელურად, ALDE-მ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა მოწოდებით: „Enough is enough!“ (საკმარისია!). პარტიის შეფასებით, „„ქართული ოცნების“ რეჟიმი ავიწროებს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს ევროპას აშორებს“, რის გამოც „მეტი თვალის დახუჭვა არ შეიძლება“.

ევროპარლამენტარების, ALDE-ს პრეზიდენტ სვენია ჰანისა და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტ იან-კრისტოფ ოტიენის მიერ ხელმოწერილ წერილში ხაზგასმულია, რომ FNF-ის ეს იძულებითი ნაბიჯი არის „დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი შეზღუდვებისა და მომიტინგეების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების ფართო რეპრესიების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი“.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენები აჩვენებს, თუ რამდენად შორდება მმართველი გუნდი იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი. მათი თქმით, „ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისა და დემოკრატიისა და ძირითადი უფლებებისადმი მისი ერთგულებისთვის“.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ALDE ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, უპასუხოს პროცესებს „მიზანმიმართული სანქციებით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში რეპრესიებისთვის და დემოკრატიისა და ძირითადი თავისუფლებების სისტემური ძირის გამოთხრისთვის“, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ „ისინი, ვინც იცავს დემოკრატიასა და ძირითად თავისუფლებებს, არ დარჩნენ მხარდაჭერის გარეშე,“ ნათქვამია წერილში.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ არ უკვირთ ALDE -სგან მსგავსი განცხადებები.

3 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ლიდერი ირაკლი კირცხალია ამ საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა:

„ალბათ, (ALDE-ს) ავიწყდება, რომ წლებია, ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან უსამართლო თავდასხმების ქვეშაა. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს მათ მიერ უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე... ვერანაირი სასანქციო პაკეტი ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ჩვენ ვატარებთ ქართული საზოგადოების დაკვეთით და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და კეთილდღეობა.“

გერმანულმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (FNF) საქართველოში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ფონდის თანახმად, იხურება თბილისის ოფისიც. გადაწყვეტილება ორგანიზაციის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის 30 სექტემბერს მიიღო. FNF საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა.

საქართველოში ოფისის დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა გერმანულმა კონრად ადენაუერის ფონდმაც, რომელიც 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოში. ფონდმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს - მიზეზად დაასახელა საქართველოში შექმნილი „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო“.

KAS-ის თანახმად, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა.

2 ოქტომბერს საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“ (ფრიდრიხ ნაუმანისა და კონტრად ადენაუერის ფონდების გარდა ესენია ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი).

„ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო,“ განაცხადა ბარბარა ფოსმა.