Amnesty: კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

3 weeks ago 10

"პოლიციის ქმედებები თბილისში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე კიდევ ერთ სადამსჯელო თავდასხმად იქცა", - ამბობს უფლებადამცველი ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.

"საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის გამოყენება და დემონსტრანტების სახეებისკენ ახლო დისტანციიდან რეზინის ტყვიების დამიზნება, ისევე, როგორც მათი დევნა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა განუწყვეტელი ცემა, აჩვენებს მთავრობის განზრახვას, რომ შეავიწროოს საწინააღმდეგო აზრი პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენებით. ეს ასევე წარმოაჩენს მათი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების სრულ უგულებელყოფას", - ამბობს კრივოშეევი და დასძენს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა და დაკავებულებთან მსგავსი მოპყრობა უნდა შეწყდეს.

"პოლიციის ძალადობა, მათ შორის დაკავებულებთან ცუდად მოპყრობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ყველა ბრალდება პოლიციის სისასტიკის შესახებ დაუყოვნებლივ და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმების 20-ზე მეტი შემთხვევაც. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პროტესტში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ისინი კი, ვინც გონივრულად იყვნენ ეჭვმიტანილნი საერთაშორისოდ აღიარებულ დანაშაულში, სამართლიანმა სასამართლომ უნდა განსაჯოს", - ამბობს უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

კრივოშეევი დასძენს, რომ "საერთაშორისო ამნისტია" ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენათა განვითარებას, კონკრეტულად კი დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულ ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის საქმეებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იურიდიული პროცედურები და მართლმსაჯულება არ იყოს გამოყენებული მათ შეუსაბამოდ ან არაპროპორციულად დასასჯელად, ვინც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებდა.

საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ განახლდა, რაც 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ქვეყნის პრეზიდენტი, ოპოზიციური გაერთიანებები და დასავლელ ლიდერთა ნაწილი დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 40-ზე მეტი ადამიანი და მათ ბრალად დაუმორჩილებლობა, წვრლიმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად. ასევე, წაყენებულია რამდენიმე უფრო სერიოზული ბრალიც. "საერთაშორისო ამნისტია" ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტებზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებზეც. მათ შორის "ტვ ფორმულას" ჟურნალისტ გურამ როგავას წინააღმდეგ, რომელსაც თავში ჩაარტყეს და ონლაინ-გამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტის - ლექსო ქეშელაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ცხვირი გაუტეხეს და მოგვიანებით ოპერაცია დასჭირდა.

შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებსაც, მათი თქმით, ხშირად ისმოდა სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი მიმართვები და დამამცირებელი მოპყრობა. სერიოზულად დაშავდნენ ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და ნანა მალაშხია. ასევე "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი, რომელსაც ასევე ფიზიკურად დაესხნენ თავს.

სრულად წაკითხვა