WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარის, ალი ქარიმლისა და მედიის უფლებადამცველისა და Toplum TV-ის თანადამფუძნებლის, ალესგარ მამედლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ალი ქარიმლის ყოფილ მცველს, პოლიტიკურ აქტივისტ ბაჰრუზ ჰასანლის, უკრაინიდან აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის რისკი დაემუქროს.

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა მარი სტროთერსმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, ალი ქარიმლის, ალესგარ მამედლისა და სხვა პატიმრების აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა უზრუნველყოს.

„ახლობლებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ალი ქარიმლისა და ალესგარ მამედლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა არაადეკვატური საპატიმრო პირობებისა და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო. ალი ქარიმლისთვის სუფთა სასმელ წყალზე წვდომისა და ვენტილაციის შეზღუდვა შესაძლოა წამებად ან სხვა სასტიკ მოპყრობად ჩაითვალოს“, – განაცხადა მარი სტროთერსმა.

მისივე თქმით, ალესგარ მამედლის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს მისი შინაპატიმრობაში გადაყვანა, რადგან მისი ჯანმრთელობის პრობლემები პატიმრობის პერიოდში დამძიმდა.

სტროთერსის განცხადებით, ალი ქარიმლი და ალესგარ მამედლი იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც აზერბაიჯანში ჟურნალისტების, აქტივისტების, ხელისუფლების ღია კრიტიკოსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ალი ქარიმლის, ალესგარ მამედლისა და ყველა სხვა პატიმრის სათანადო წვდომა საკმარის სასმელ წყალზე, ვენტილაციაზე და ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებაზე. უკრაინამ კი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები და ბაჰრუზ ჰასანლი აზერბაიჯანში არ უნდა ექსტრადირდეს“, – განაცხადა სტროთერსმა.

ალი ქარიმლის ოჯახის ინფორმაციით, 6 აგვისტოს, მისი შინაპატიმრობაში გადაყვანის შესახებ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, ქარიმლიმ ძლიერი გაუწყლოების გამო გონება დაკარგა.

ოჯახის განცხადებით, ქარიმლის საკანში სასმელი წყლის მიწოდება და ელექტროენერგია 5 აგვისტოდან იყო შეწყვეტილი. მათი თქმით, ელექტროენერგიის არარსებობის გამო ვენტილატორებიც ვერ მუშაობდა.

ალი ქარიმლი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა“ და „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლის“ ბრალდებებით.

მედიის უფლებადამცველი და Toplum TV-ის თანადამფუძნებელი ალესგარ მამედლი 27 ივლისს 14 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა.

Amnesty International მამედლის, სხვა მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს „ყალბსა“ და „გამოგონილს“ უწოდებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მამედლის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. მისი ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველზე მის შინაპატიმრობაში გადაყვანას არაერთხელ ითხოვდნენ.

ალი ქარიმლის ყოფილი მცველი და პოლიტიკური აქტივისტი ბაჰრუზ ჰასანლი დაახლოებით ხუთი წელია ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს.

ის 27 ივლისს კიევში, სამუშაო ადგილზე, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმართვა ალი ქარიმლის საქმეს უკავშირდება, ხოლო ჰასანლის სისხლის სამართლის კოდექსით თაღლითობასთან დაკავშირებული მუხლებით წაუყენეს ბრალი.

ჰასანლი ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოდ, „ყალბად“ და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულად მიიჩნევს.

ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ 30 ივლისს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, სააპელაციო საჩივრის შემდეგ, ჰასანლი 7 აგვისტოს ექსტრადიციის პროცედურის ფარგლებში კვლავ დააკავეს.

Amnesty International ჰასანლის აზერბაიჯანში ექსტრადიციის შეჩერებას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში მას წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს Amnesty International-ის განცხადებაზე ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.