AP: კურსკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა ასობით ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი

3 days ago 2

Associated Press-ი და The New York Times-ი პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა კურსკის რეგიონში.

ეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთი კორეული კონტინგენტის დანაკარგების პირველი შეფასებაა.

სააგენტოს თანამოსაუბრემ არ დააკონკრეტა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ აღნიშნა მნიშვნელოვანი დანაკარგები ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს შორის საომარი გამოცდილების ნაკლებობის გამო.

აშშ-ის ცნობით, ბრძოლებში ჩრდილოეთ კორეის ქვეითი ჯარია ჩართული. ისინი მოქმედებენ როგორც რუსეთის არმიის ქვედანაყოფებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად.

მანამდე პენტაგონმა და თეთრმა სახლმა გამოაცხადეს კურსკის რეგიონში პირველ ბრძოლებში ჩრდილოეთ კორეის ჯარის დანაკარგების შესახებ, მაგრამ რიცხვები არ დაუზუსტებიათ. Associated Press-ი ირწმუნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ყოველდღიურად კარგავს 1200-მდე მოკლულს და დაჭრილს, მაგრამ დანაკარგის აღდგენას ჯერჯერობით ახერხებს. აშშ-სა და სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის 10-დან 12 ათასამდე ჯარისკაცი ჩავიდა რუსეთში და განთავსდა კურსკის რეგიონში.

AP-ის შეფასებით, რუსეთის ჯარმა დაიბრუნა კურსკის რეგიონის ტერიტორიის 20%, რომელიც უკრაინის არმიამ დაიკავა აგვისტოს შეტევის დროს.

სრულად წაკითხვა