ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-მა, რომელმაც 25 დეკემბერს ვერ შეძლო გროზნოში დაჯდომა და ყაზახეთში ჩამოვარდა, გამოაცხადა 28 დეკემბრიდან რუსეთის შვიდ ქალაქში ფრენების შეჩერების შესახებ.
შეზღუდვები შეეხება მინერალნიე ვოდის, სოჭის, ვოლგოგრადის, უფის, სამარის, გროზნოსა და მახაჩკალის რეისებს, იტყობინება RBC. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა Embraer 190-ის კატასტროფის „წინასწარი გამოძიების შედეგებისა“ და ფრენების „შესაძლო რისკების“ გათვალისწინებით, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
25 დეკემბერს ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში ფრენისას ჩამოვარდა. მასში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 38 დაიღუპა.
მედიის წყაროთა თანახმად, თვითმფრინავი შესაძლოა დაზიანებულიყო რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტით გროზნოს რაიონში მდებარე „პანცირის“ კომპლექსიდან, მაგრამ ავარიის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება.
პარასკევს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავდა მინერალნიე ვოდიში (სტავროპოლის მხარე) ბაქოში დაბრუნდა. ამის შესახებ Report-ი იტყობინება ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
როგორც პროგრამა Flightradar24-ის მონაცემებიდან ირკვევა, რეისი J28717 ბაქოდან აფრინდა 9:45-ზე და მინერალნიე ვოდიში უნდა დაშვებულიყო 10:20-ზე. თუმცა, დაახლოებით 150 კილომეტრის გაფრენის შემდეგ, შემოტრიალდა და ბაქოს აეროპორტში დაბრუნდა.
როგორც ტელეგრამის არხი „მი მოჟემ ობიასნიტ“ იუწყება, თვითმფრინავის კაპიტანმა უარი თქვა რუსეთში გაფრენაზე მას შემდეგ, რაც ბაქო-გროზნოს რეისზე მისი კოლეგები დაიღუპნენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ცეცხლის შედეგად. სხვა აზერბაიჯანელი პილოტებიც უარს ამბობენ რუსეთში გაფრენაზე, წერს „МО“.
პარასკევს დილით „როსავიაციამ“ გამოაცხადა, რომ სოჭის, ყაზანის, ვოლგოგრადისა და ასტრახანის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. ახლა შეზღუდვები მოხსნილია.
გეგმა „ხალიჩა“ - დახურული ცის რეჟიმი - სამარის, გროზნოსა და მახაჩკალის აეროპორტებშიც დაინერგა, სავარაუდოდ, დრონების თავდასხმის საფრთხის გამო.
ერთი დღით ადრე, დრონების საფრთხის გამო, მოსკოვის - შერემეტევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის - და კალუგის აეროპორტებმა დროებით შეწყვიტეს ფუნქციონირება.
26 დეკემბერს ისრაელის ეროვნულმა ავიაკომპანია „ელალმა“ ერთი კვირით შეაჩერა მოსკოვის მიმართულებით ფრენები „რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი მოვლენების გამო“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ავიაკომპანია Qazaq Air-ის თვითმფრინავები ასტანიდან ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენას 2025 წლის 27 იანვრამდე შეწყვეტენ.