აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას არ გამოურიცხავს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობა. ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა.
ტელეკომპანიას ორი წყარომ უთხრა, რომ პარასკევს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპი სავარაუდოდ არ აირებს რომ ვალდებულებას, უზრუნველყოს პოტენციურად ვითარების გარდამტეხი ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდება, თუმცა მათ დასძინეს, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, როდესაც პრეზიდენტი უკრაინელებს პირისპირ დაელაპარაკება.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც საჯაროდ, ასევე პირად განცხადებებში, უფრო მეტ მზადყოფნას გამოხატავდა უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადასაცემად. მათი განცხადებით, ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა გეგმები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ბრძანებას გასცემს.
CNN-ის წყაროს ცნობით ტრამპი ყოყმანობდა, რადგან სურდა ზელენსკისგან უკეთესი წარმოდგენა შექმნოდა, თუ როგორ აპირებდა ის რაკეტების გამოყენებას.
დღეს, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. მას წინ უძღოდა ზელენსკისა და ტრამპის სატელეფონო საუბრები 11 და 12 ოქტომბერს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემა.