“ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საუნივერსიტეტო რეფორმას აანონსებს და სისტემის გარდაქმნას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, არალეგიტიმური მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
რას გულისხმობს რეფორმა და “ოცნების” არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ხომ არ შეიცავს ეს უნივერსიტეტების ავტონომიურობის შეზღუდვას – ირაკლი კობახიძეს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად ქართველმა სტუდენტმა იგივე ხარისხის განათლება უნდა მიიღოს, რასაც ევროპულ ქვეყნებში იღებს.
რეფორმა დაანონსდა იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ბოლოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR) რეგისტრაცია შეუჩერა, რაც ექსპერტების შეფასებით ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.
“ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა. არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, რესურსები კი არის ძალიან დიდი, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, რომ 4 წელიწადში მივიღოთ თვისებრივად განსხვავებული სისტემა.
თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის დაისახება გეგმა, რომელზეც იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელის მოადგილეც იქნება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე. კომისიის მდივანი კი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.