EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

6 days ago 9

2

ევროკავშირმა ოფიციალურად მიიღო სანქციების რიგით მე-15 პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ პაკეტში გათვალისწინებული ღონისძიებები რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის სფეროს მოიცავს, რაც პუტინის ომის მანქანის შეჩერებას ისახავს მიზნად.

პირველ რიგში, ევროკავშირმა მკაცრი ზომები გაატარა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს იმ გემებსა და ტანკერებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ახორციელებენ ნავთობის, იარაღისა და სურსათის ტრანსპორტირებას. ამჯერად სიაში დამატებულია 52 გემი, რაც სანქცირებული ფლოტის საერთო რაოდენობას 79-მდე ზრდის. როგორც ცნობილია, ეს გემები იყენებენ სხვადასხვა ხერხებს, მათ შორის გადამცემების გამორთვის და დროშების გამოცვლის ტაქტიკას, რათა თავი აარიდონ საერთაშორისო მონიტორინგის სისტემაში გამოჩენას და შეზღუდვების გვერდის ავლას. სანქციების ახალი პაკეტი ამ გემების მომსახურებას და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას სრულად კრძალავს.

გარდა ამისა, პირველად ევროკავშირის ისტორიაში, სანქციები გავრცელდა ჩინეთის შვიდ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე. როგორც ირკვევა, ეს კომპანიები და პირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას და ბიზნეს ოპერაციების შეზღუდვას.

მე-15 პაკეტის ფარგლებში სანქციები გავრცელდა ინდოეთის, ირანის, სერბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებზეც. კომისიის განმარტებით, ეს კომპანიები ჩართულნი არიან რუსეთისთვის სამხედრო და ტექნოლოგიური რესურსების მიწოდებაში, მათ შორის დრონების მიმართულებით.

ჩრდილოეთ კორეის ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ასევე აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში. ეს პირები უშუალოდ არიან ჩართულნი რუსეთთან გარიგებაში, რომელიც მოიცავს იარაღისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს.

ამ ყველაფერთან ერთად, ევროკავშირი აწესებს დამატებით ფინანსურ შეზღუდვებს რუსული აქტივების წინააღმდეგ. მართალია, ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა უკვე დიდი ხანია ძალაშია, მაგრამ ახალი ზომები მიზნად ისახავს ამ აქტივებზე კონტროლის მექანიზმების მოპოვებას და განკარგვას. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა უკვე ევროკავშირს მარტივად შეეძლება გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა, გაყიდვა ან დროებით გამოყენება.

ევროკავშირის სანქციები მე-15 პაკეტი დიდ ყურადღებას აქცევს ენერგეტიკის სექტორსაც, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. სანქციები ეხება ენერგეტიკული პროდუქციის ექსპორტს და იმ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მე-15 პაკეტი უფრო მეტად აძლიერებს აქამდე უკვე არსებულ შეზღუდვებს, ამიტომ ამ მიმართულებით ახალს და გასაოცარს ვერაფერს ვხედავთ.

ახალი პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, ევროკავშირი უკვე გეგმავს მე-16 პაკეტის მიღებას, რომელიც 2025 წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს. სავარაუდოდ, ახალი პაკეტი მოიცავს სანქციებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე და იმ მესამე ქვეყნებზე, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.(ბიემჯი)

სრულად წაკითხვა