EU-ში „ოცნების“ სანქცირების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს — ელჩი

1 week ago 10

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირში უკვე მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების სანქცირების მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერება კონკრეტული [კატეგორიის] პასპორტების მფლობელებისთვის.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ. მომავალი კვირის ბოლოს კი საქართველოს საკითხი ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე. განიხილება. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყნის თანხმობას საჭიროებს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება არ გამორიცხა. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას, უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან.

„ევროკავშირის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩაში, გვესმის მათი ხმა. შოკირებული ვართ ძალადობით. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით, ვისაც სურს უკეთესი მომავალი და ევროკავშირის წევრობა. რაც ხდება საქართველოში, ძალადობის და სისასტიკის დონე, აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის უმრავლეს დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, მივაღწიეთ იმ ეტაპს, როცა საჭიროა მოქმედება. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს. ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს, მრავალი წლის განმავლობაში, აქვს პრივილეგირებული ურთიერთობა ევროკავშირთან. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, უვიზო რეჟიმი. საბოლოოდ, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან და ეს აისახება ურთიერთობებზე“, — განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.

ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის სირთულეს, რადგან ეს საჭიროებს 27 სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას.

„თუმცა, ის, რაც საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აშკარად სანქციების დაწესებას მოითხოვს. ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას… ეს დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ნებისმიერ დედაქალაქს გაუჭირდება ძალადობის დონის და სისასტიკის დონის იგნორირება. ვნახოთ, იქნება თუ არა ორშაბათს სანქციები შემოღებული. მოსამზადებელი სამუშაოები ნამდვილად მიმდინარეობს“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და დასძინა, რომ ყველა ზომა მაგიდაზეა, უვიზო რეჟიმის შეჩერების ჩათვლით.

„არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. არ გვინდა დავისაჯოთ ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს თბილისსა და მრავალი სხვა ქალაქის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. მაგრამ ჩვენ ვერ გავჩუმდებით ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკეზე. იმედია, უკვე ორშაბათს გადაწყვეტილებები მიიღება“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადით საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, მოექცეს ევროკომისიის შემოწმების ქვეშ და გაატაროს რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები.

„სამწუხაროდ, [არჩევნებზე] გვქონდა ბევრი დარღვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, — თქვა მან.

პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციებზე მდგომ ხალხს, და მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ.

„თქვენი ხმა გაგონილია. შოკისმომგვრელია ამდენი ძალადობა, ამდენი სისასტიკე ბევრი მათგანის, მათ შორის ქალების და ახალგაზრდების მიმართ. დღეს დილით შევხვდი უფლებადამცველებს. ისინი აღწერდნენ სისასტიკის შემზარავ, შოკისმომგვრელ სცენებს, ადამიანების შეურაცხყოფას დაკავების შემდეგ. მათი თქმით, ეს წამებას უტოლდება. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ. მართლაც სამწუხაროა, რომ ორი ღამის წინ თბილისის ქუჩებში პოლიცია, საიდუმლო სამსახური და კრიმინალთა რამდენიმე ბანდა მძვინვარებდა და ჯერ კიდევ არავინ დასჯილა. განსაკუთრებით მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი მედიის წარმომადგენელზე. მე პირადად შოკირებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა სასტიკად სცემეს ქართული დროშის ფრიალის გამო. ეს მართლაც გულსატკენია და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ძალადობის ეს უბადლო დონე დაუყოვნებლივ შეჩერდება“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რადგან პოლიციის ძალები მას ექვემდებარებიან.

„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ხალხის მიმართ“, — დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

მეთორმეტე დღეა ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიცია დღისით ჩხრეკს, ცლის და ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობისა და საჯაროობის გამო, წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკოსების, აქტივისტების დაკავებას. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.

სრულად წაკითხვა