ევროკავშირის და წევრის სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.
„ყოველთვის სასიამოვნოა ევროპულ საბჭოში პრეზიდენტ ზელენსკის მიღება, განსაკუთრებით ამ კვირაში. ეს უკრაინისთვის ისტორიული კვირა იყო. ორშაბათს ოფიციალურად გავხსენით პირველი კლასტერის მოლაპარაკებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის ევროკავშირში სრული გაწევრიანებისკენ. დიდი შვიდეულის სამიტზე ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დიდი შვიდეულის ყველა წევრის მხრიდან უკრაინისადმი მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერა იყო გამოთქმული. ეს ნიშნავს, რომ ახლა 27 წევრი სახელმწიფო გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად“, — განაცხადა სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვა, რომ მეტი კლასტერი ზაფხულის განმავლობაში გაიხსნება. კიევი დარჩენილი კლასტერების ივლისში გახსნას ითხოვს.
„მეც მსურს შევუერთდე მათ, ვინც ულოცავს უკრაინას პირველი კლასტერის გახსნას. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. თქვენ ეს დაიმსახურეთ, რადგან ძალიან ბევრს შრომობდით წინსვლისთვის და საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ კლასტერს გავხსნით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც უკრაინა ასრულებს თავის წილ სამუშაოს, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის განსაკუთრებული მომენტია არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ, ისე — ფრონტის ხაზზე.
„მექმნება შთაბეჭდილება, რომ ვითარება იცვლება. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა პოზიციებს ინარჩუნებს, ზოგჯერ ტერიტორიებსაც კი იბრუნებს და რომ უკრაინას ახლა ძალიან ძლიერი მომენტი აქვს. ასევე, ჩვენს წევრ ქვეყნებთან ერთად მუშაობა „დრონების კედელზე“ ჩვენი ფრონტისპირა ქვეყნებისთვის აჩვენებს, თუ რამდენად არის უკრაინა უკვე ინტეგრირებული ევროკავშირის მუშაობაში და როგორ მიიწევს წინ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ რუსეთსაც ვუგზავნით ძალიან მტკიცე გზავნილს იმის შესახებ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს გამოვყოფთ. თქვენს გვერდით ვიქნებით მანამ, სანამ საჭირო იქნება“, — მიმართა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა იტანჯება, ხოლო სოციალური ქსელების დახურვა რუსეთის მიერ საკუთარი ხალხისთვის ციფრული რკინის ფარდის ჩამოფარებას შეადარა.
„მე ვეთანხმები ორივე პრეზიდენტს. ეს ნამდვილად დიდი მომენტია უკრაინისა და უკრაინელებისთვის. დიახ, პირველი კლასტერი გაიხსნა, მადლობა ყველა ლიდერს ერთსულოვნებისთვის. პირველი კლასტერი ფუნდამენტურია. დღეს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ მომდევნო ხუთ, ძალიან მნიშვნელოვან და ასევე ისტორიულ ნაბიჯს უკრაინისთვის — მომდევნო ხუთ კლასტერს.
ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, საჰაერო თავდაცვა, ზამთრისთვის მომზადება და ის, თუ როგორ მოვახდინოთ ზეწოლა პუტინზე. G7-ის დროს გვქონდა ერთსულოვნება იმაზე, თუ როგორ ვიყოთ ძლიერები და როგორ ვაიძულოთ პუტინი დიალოგზე, ცეცხლის შეწყვეტასა და ამ ომის დასრულებაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია უკრაინა, ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი (2028-2034), კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკური გამოწვევები, ახლო აღმოსავლეთი, ევროპული თავდაცვა და უსაფრთხოება, მიგრაცია და ნარკოტიკებთან ბრძოლა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·