ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანში ვიზიტისას სამხრეთ კავკასიაში დაკავშირებადობის და მშვიდობის მხარდასაჭერად 220 მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
„ჩვენ გვსურს მშვიდობის ხელშეწყობა დაკავშირებადობის მეშვეობით. ჩვენ ჩავდებთ 200 მილიონ ევრომდე გრანტებს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირებისთვის სამხრეთ კავკასიაში, რასაც აქვს პოტენციალი, 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მობილიზება მოახდინოს. პროექტები შეიძლება მოიცავდეს სარკინიგზო კავშირს ნახიჩევანის გავლით ან ბაქოს პორტის განვითარებას. სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც აკავშირებს ევროპას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კვლავ იზრდება და აზერბაიჯანს აქ ცენტრალური როლი აკისრია“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას და დასძინა, რომ ცოტა ქვეყანას აქვს ისეთი ხელსაყრელი მდგომარეობა, როგორც აზერბაიჯანს.
კერძოდ, ევროკომისიამ გამოაცხადა Global Gateway-ის 200 მილიონ ევრომდე საინვესტიციო პაკეტი სამხრეთ კავკასიის დაკავშირებადობის პროექტებისთვის. დამატებით 20 მილიონი ევრო გამოიყოფა მშვიდობის ხელშეწყობის პროგრამისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ასევე, ხაზი გაუსვა ენერგეტიკაში ერთობლივი ინვესტირების მნიშვნელობას და ევროკავშირი-აზერბაიჯანის დაკავშირებადობის პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა და ალიევმა, ასევე, დააანონსეს რეგიონული დაკავშირებადობის საინვესტიციო მინისტერიალი, რომელიც ბაქოში 2026 წლის ბოლომდე გაიმართება. კონფერენცია გააერთიანებს ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და კერძო ინვესტორებს სტრატეგიული პროექტების წარსადგენად.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ხელშესაწყობად გამოყოფილ 20 მილიონი ევროს, ევროკომისიის თანახმად, ის მხარს დაუჭერს ადგილობრივ თემებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, ჯანდაცვის, განაღმვის, უნარების განვითარებისა და ადგილობრივი ბიზნესის სფეროებში ინვესტიციების გზით.
„ევროკავშირს სჯერა ამ რეგიონის ნათელი მომავლის. მოდით, ვიმუშაოთ ერთად მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიისთვის, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან, კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან და ჩვენს შორის კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის“, — დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ეფუძნება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან. 2017 წლის თებერვალში მხარეებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ახალ ჩარჩო შეთანხმებაზე. 2026 წლის ივნისში ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა წინასწარ დაასრულეს დისკუსიები პარტნიორობის ახალ პრიორიტეტებზე 2026-2030 წლებისთვის.
ევროკავშირის რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი არის შავი ზღვის რეგიონისადმი ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის ნაწილი დაშეეხება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროში ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას.
ამ თემაზე:
საქართველო გაფართოების ნაცვლად EU-ის დაკავშირებადობის დღის წესრიგში?

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·