WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო  „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

რუსული სამთავრობო სააგენტო „დროას“ შესახებ წერს, რომ პარტიის საქმიანობა ფოკუსირებულია ადგილობრივი მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების გამოაშკარავებაზე, საქართველოს ერთპარტიული სისტემის დემონტაჟსა და ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაზე.

„დროას ლიდერი [ელენე ხოშტარია] საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ და ქვეყნის კარპატების რვიანში ჩართვისკენ“, – წერს რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ელენე ხოშტარიას შესახებ.