WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, საზღვარგარეთ ემიგრაციაში საქართველოს 281 ათასი მოქალაქე დარჩა. ქვეყანა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და უკან მხოლოდ 775 ათასი დაბრუნდა.

მუდმივად უარყოფითი მიგრაციული სალდო (2020 წლის გამონაკლისის გარდა) 2024 წელს მოულოდნელად დადებითით შეიცვალა. 2022 წელს საქართველო 46 ათასით მეტმა დატოვა ვიდრე დაბრუნდა, 2023 წელს 72 ათასით მეტმა, 2024 წელს კი პირიქით, იმიგრანტების რაოდენობამ ემიგრანტების რაოდენობას გადააჭარბა. მონაცემები საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას ასახავს.

ემიგრანტია ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ბოლო 12 თვეში ჯამურად მინიმუმ 183 დღით (6 თვეზე მეტი ხნით) დატოვა, ხოლო იმიგრანტი პირიქით, საზღვარგარეთაა შემოსული პირი რომელმაც საქართველოში ბოლო 12 თვეში მინიმუმ 183 დღე გაატარა.

მიგრაცია 2024 წლამდე

მიგრაციის ზოგადი სტატისტიკის შესახებ მონაცემები 1994 წლიდან იძებნება, მოქალაქეობრივ ჭრილში ჩაშლილად 2012 წლიდან. ორივე შემთხვევაში 2020 წლამდე მიგრაცია უარყოფითი იყო. საქართველოს უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა, ვიდრე ბრუნდებოდა.

2020 წელს სურათი ერთჯერადად კოვიდრეგულაციებმა შეცვალა. ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელი იყო, გასვლა ჭირდა, რასაც საზღვარგარეთის ლოკდაუნებიც დაემატა. უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნების დამატებითი სტიმული გაუჩნდათ, სწორედ ამიტომ იმ წელს საქართველო 43 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა და 67 ათასი დაბრუნდა.

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდო (ათასი ადამიანი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიგრაცია 2024-2025 წლებში

2022 წელს წლიურად ემიგრირებულთა რაოდენობამ 100 ათასს, ხოლო 2023 წელს 160 ათასს გადააჭარბა. რეკორდულად გაიზარდა უარყოფითი მიგრაციული სალდოც. ყველაფერი მოულოდნელად 2024 წელს შეიცვალა. თუ შსს-ს მიერ საქსტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ვენდობით 2024 და 2025 წლებში საქართველოში უფრო მეტი ემიგრანტი დაბრუნდა ვიდრე წავიდა.

პირდაპირ გადამოწმების რაიმე მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რამ შემოაბრუნა ტენდენცია ასე მკვეთრად?

ცვლილება საარჩევნოდ მაღალი მიგრაციით ვერ აიხსნება, პირიქით თუ 2023 წელს საქართველოში 92 ათასი მიგრანტი დაბრუნდა, 2024 წელს დაბრუნებულთა რაოდენობაც 65 ათასამდე შემცირდა. როგორც 2024, ასევე 2025 წლებში დადებითი მიგრაციული სალდოს მიზეზი ქვეყნიდან წამსვლელთა კლება გახდა და არა დაბრუნებულთა ზრდა.

ეკონომიკური მონაცემები 2024-2025 წლებში

პანდემიის შემდეგ დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, 2025 წელსაც, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთში და ბევრად უფრო ნაკლები ვიდრე იტალიაში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში ანუ იმ ქვეყნებში, საიდანაც ემიგრანტები ყველაზე მეტ თანხებს რიცხავენ.

2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა საგრძნობლად 68 ათასით გაიზარდა, მაგრამ 2025 წელს 13 ათასით შემცირდა. ინფლაციის გათვალისწინებით მუდმივ ფასებში დათვლილი ხელფასი 2023 წელს 11.7%-ით გაიზარდა, 2024 წელს 10.3%-ით და 2025 წელს მხოლოდ 5.7%-ით.

ფულადი გზავნილები 2024 წელს 19%-ით შემცირდა, თუმცა რუსეთის გარეშე 8%-იანი მატება დაფიქსირდებოდა. 2022 წელს უკრაინაში შეჭრასთან ერთად საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 400%-ით გაიზარდა და მისი ეფექტი 2023 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა, რის გამოც 2024 წელს ჯამურ კლებაზე გავლენა საბაზო პერიოდმა იქონია. გზავნილები 2025 წელსაც 9%-ით გაიზარდა.

გამოდის რომ ოფიციალური მონაცემებით, ხელფასის ზრდის ტემპი შემცირდა, 2025 წელს დასაქმებულთა რაოდენობაც შემცირდა, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა, მაგრამ მუდმივი და თან მზარდი უარყოფითი მიგრაციული სალდო მაინც დადებითით შეიცვალა.

*  *  *

მიგრაციული ტენდენციის ცვლილებას ვერც სხვა გარემოებები ხსნის. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, პოლარიზაცია გამწვავდა. საზღვრები არც საქართველოს ჩაუკეტავს გამსვლელთათათვის და არც ევროკავშირს შეუჩერებია უვიზო მიმოსვლა. შეერთებულმა შტატებმა სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა, მაგრამ 2025 წელს ფულადი გზავნილები აშშ-დან მაინც 19%-ით გაიზარდა. გზავნილების ზრდა შეიძლება გარკვეულწილად იმ ფაქტითაც აიხსნას, რომ ერთი ადამიანის მიერ გადმორიცხული თანხის მოცულობა გაიზარდა, მაგრამ თავად ზრდის მოცულობა – 19% მაინც დამაფიქრებელია.

ვერც დასაქმებულთა რაოდენობის კლება და ვერც პოლარიზაციის ზრდა რაიმეს მტკიცების პირდაპირი საფუძველი ვერ გახდება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები მიგრაციაზე გავლენას ახდენს. ასეთ პირობებში მიგრაციული მრუდის მკვეთრი ცვლილება როგორც მინიმუმ უცნაურად გამოიყურება.

2024-2025 წლებში დაფიქსირებული ტენდენციის ცვლილების მიუხედავად, 2013-2025 წლებში საქართველო ჯამურად საქართველოს 1 მლნ-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, უკან კი 775 ათასი დაბრუნდა, რის შემდეგაც ჯამურმა უარყოფითმა სალდომ 281 ათასი შეადგინა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან მიგრაციული ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. 2022-2025 წლებში საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 159 ათასი მოქალაქე გადმოვიდა და უკან 86 ათასი გაბრუნდა, შესაბამისად რუსეთის მოქალაქეების მიგრაციულმა სალდომ საქართველოში 73 ათასი შეადგინა.