"ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს კომუნიკეს, თუ ის არ ეთანხმება ჩვენს პოზიციას, რომელიც ისაა, რომ ორივე მხარე დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანტაგონისტური ფორმულირებები ზოგჯერ ამას ართულებს, მით უფრო, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი [ქვეყანა], რომელსაც, როგორც ჩანს, ძალუძს, რომ ასეთი მოლაპარაკებები შესაძლებელი გახადოს", - აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ G7-ის ჯგუფის მოკავშირეები მომდევნო შეხვედრაზე შეძლებენ ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც იქნება "შინაარსიანი და გამაერთიანებელი" და არ შეუშლის მხარეებს ხელს, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
"დიდი შვიდიანის" ჯგუფის წევრი ქვეყნების: დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის, კანადის, იტალიის, იაპონიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთმანეთს 12-14 მარტს შეხვდებიან კანადის ქალაქ კვებეკში. ეს იქნება პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მეორე საპრეზიდენტო ვადით მოვალეობის შესრულებას შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
თებერვლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ დააბრუნებდა რუსეთს „დიდი შვიდეულის“( G7) რიგებში.
რუსეთს G7-ის შეხვედრებზე 2014 წლიდან აღარ იწვევენ - მას მერე, რაც უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული, დაიკავა.
ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც გამოთქვა რუსეთის ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების გაერთიანებაში დაბრუნების სურვილი, მაგრამ მას ამაში მხარი არ დაუჭირეს ევროპელმა მოკავშირეებმა.
- „დიდი შვიდეული“ 1975 წელს შეიქმნა, როგორც მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი, ლიბერალ-დემოკრატიული ფასეულობის მქონე სახელმწიფოების მეთაურების ფორუმი. მისი ამოცანაა მსოფლიო ეკონომიკის საკითხების განხილვა. ახლა ჯგუფში შედიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა, ხოლო ევროკომისიას მეთვალყურის სტატუსი აქვს.
- 1998 წელს რუსეთის მიღებით ჯგუფი „დიდი რვიანი“ (G8) გახდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, გაერთიანება კვლავ ძველ ფორმატს დაუბრუნდა