HRW: თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა

2 weeks ago 7

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი მოითხოვს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.

ორგანიზაციის მიერ დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება, პოლიციამ თბილისში უხეშ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.

პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დაზარალებულები, რომლებსაც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ, მიუთითებენ, რომ მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები.

Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილეს ბრალი დასდო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, სასამართლოში ამ საქმეების განხილვა კი ზედაპირული იყო და არანაირი ეფექტიანი ზომები არ ყოფილა მიღებული სასტიკი მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების განსახილველად.

Human Rights Watch-ის ევროპის და შუა აზიის განყოფილების დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხიმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო, ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეცრაზმელები და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირის მქონე აგრესიული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომლებსაც ხელს უშლიდნენ მოვლენების გაშუქებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგად ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორდენებით დააჯილდოვებს შსს-ს თანამშრომლებს, რომლებსაც დასავლეთმა რეპრესიებისთვის სანქციები დაუწესა. Human Rights Watch-ის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ძალადობაში დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების უგულებელყოფას.

სრულად წაკითხვა