კრემლი ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციის მანიპულირებას, რათა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება უკრაინაში ომის დასრულების გარეშე მოხდეს - რაც ეწინააღმდეგება ტრამპის მიერ გაცხადებულ განზრახვას, ახალ დონეზე აიყვანოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები უკვე უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ, ნათქვამია ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, მიერ 18 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ ტრამპი აპირებს „უკრაინის საკითხის ამოღებას“ აშშ-რუსეთის დღის წესრიგიდან, რათა „ნორმალიზდეს“ ორმხრივი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სხვა ურთიერთობები. მანამდე ერთი დღით ადრე ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ იმის მცდელობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური შეთანხმებების დადებისკენ „წაახალისოს“, ომს ვერ შეაჩერებს.
„კრემლი ცდილობს აიძულოს ტრამპი, გამოყოს ომი უკრაინაში აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განხილვისგან, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს ერთდროულად გააგრძელოს ომი უკრაინაში და შეამსუბუქოს ზეწოლა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკაზე ახორციელებს მიმდინარე და პოტენციური სანქციები, განსაკუთრებით ის სანქციები, რომლებიც მიმართულია რუსეთის მიერ ენერგეტიკული რესურსების გაყიდვით მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აფინანსებს ომს“, მიაჩნიათ ISW-ის ექსპერტებს.
ISW-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კრემლი იყენებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურ დირექტორს, კირილ დმიტრიევს, აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გასაფართოებლად, რათა ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინასთან დაკავშირებით დათმობები მიიღოს. ამასთან, კრემლი აგრძელებს უკრაინაში თავდაპირველი სამხედრო მიზნებისადმი ერთგულების დემონსტრირებას, რაც უკრაინის კაპიტულაციას და რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ამავე დროს რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობენ ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს რუსეთი კომპრომისზე წამსვლელი იყოს.
18 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოელოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება ადვილი იქნებოდა პუტინთან თავისი ურთიერთობების წყალობით, მაგრამ პუტინმა მას „ნამდვილად უღალატა“.
ტრამპმა ასევე აღშფოთდა იმის გამო, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აგრძელებს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას, მიუხედავად თავად მისი მცდელობისა, დაასრულოს ასეთი ურთიერთობები. „თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ეს ძალიან მარტივია - რუსეთი დათანხმდება შეთანხმებას“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან დასძინა, რომ „მზადაა სხვა ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ისინი, ვისთვისაც მე ვიბრძვი, რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, შეწყვიტოს ომი, საჭიროა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან „მკაფიო პოზიცია“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. Sky News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ირიბად გააკრიტიკა ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ აშშ ახალ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ ევროკავშირის ქვეყნები შეწყვეტენ რუსული ენერგორესურსების იმპორტს. ზელენსკის თქმით, აშშ-ს, როგორც გლობალურ ზესახელმწიფოს, აქვს საკმარისი შესაძლებლობა, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და ამისთვის არ სჭირდება „სხვების ლოდინი“.