საგარეო უწყებისთვის ევროკომისიის კრიტიკული ანგარიში „მოულოდნელი არ ყოფილა“

3 hours ago 7

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკულ დასკვნაზე ამბობს, რომ „მოულოდნელი არ ყოფილა“. უწყების განმარტებით, დოკუმენტი „უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული“.

„შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და ეწინააღმდეგება, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას, ისე ჩვენს საერთო ინტერესებს.

ვგმობთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ, რაც აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო „ერთგულია ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების“ და „კეთილსინდისიერად განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“.

დღეს, 4 ნოემბერს გასაჯაროვდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის შინაარსი, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი - და მნიშვნელოვანი რეგრესი - აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.

„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, - თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება... ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, - თქვა მან.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშილი, რომელიც ამავდროულად არის სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, აკრიტიკებს ევროკავშირს საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული დასკვნის გამო.

„გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიდრეკილი და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

სრულად წაკითხვა