ლაგოდეხში მომხდარი დაპირისპირების დროს, MMA – ს მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც გამოცემამ „მთავარი ამბები კახეთიდან“ გაარკვია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი, სპორტსმენი, ლაგოდეხში სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.

მას ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანება მიაყენეს. დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის კლინიკაში ჩაუტარდა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი გაწერა იგეგმება.
ვალერი „გორილა“ ყოჩიაშვილი შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ასპარეზობს.
მას სამჭიდში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორი წლის განმავლობაში აქვს მოპოვებული. ასევე, არის GAMA-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.
წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან
pozitivi.ge