NGO-ები აქვეყნებენ "ცრუ მოწმე" პოლიციელების სიას

4 days ago 3

არასამთავრობო ორგანიზაციებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", "საქართველოს ევროპულმა ორბიტამ", "კანონის უზენაესობის ცენტრმა" ერთობლივ ბრიფინგზე განიხილეს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დაშლის "ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა", რაც, მათი თქმით, შსს-ს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

მათ ასევე გაასაჯაროვეს იმ პოლიციელების სია, რომლებიც, მათი თქმით, ცრუ ჩვენებას აძლევდნენ სასამართლოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, გაგრძელდება ასეთი პოლიციელების სიის გამოქვეყნება.

"პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი, იყო შაბლონური და ფორმალური ხასიათი ჰქონდა, შეცდომებიც იდენტური იყო. მაგალითად, "შეურაცხყოფას" არასწორად წერდნენ აბსოლუტურად ყველა ოქმში. ეს მიუთითებს, რომ მათ კონკრეტული ტექსტი ჰქონდათ გადაცემული", - აღნიშნა მან.

გიგაურის თქმით, "ცრუ მოწმე" პოლიციელებს შორის არიან:

  • გიორგი ჩარექაშვილი;
  • თორნიკე მენაბდე;
  • სულხან კიკნაძე;
  • რევაზ წურწუმია;
  • ზვიად მარგველანი;
  • ზურაბ ღარიბაშვილი;
  • დავით მარუაშვილი;
  • ოთარ გელაშვილი.

აქციის მონაწილეებზე ძალადობის სქემის შესახებ ისაუბრა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად, შსს-ს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული "მანიფესტაციების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა".

ლომჯარიამ ქრონოლოგიურად ჩამოთვალა ის ცნობები, რომლებიც მიიღეს დაკავებულთა ადვოკატებისგან ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან:

  • "ცრემლსადენი გაზის კვამლში გახვეულ დემონსტრანტებს სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი რაზმები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას, რომლებიც ვერ ასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას. რიგ შემთხვევაში, მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ მოწოდებებს, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში.
  • დაკავებულებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა. შეჰყავდათ ე.წ. კორდონში, სადაც მათ სცემდნენ. შემდეგ ისინი გადაჰყავდათ ე.წ. მინივენებში.
  • დაკავების სპეციალურ ავტომანქანაში შიდა სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო, მინივენებში მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მყოფ დაკავებულებს.
  • დაკავებულთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს სად, როგორც და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ იგი.
  • დაკავებულებს ურტყამდნენ სახის, კეფის, ნეკნების, თირკმლის არეში.
  • ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს - ართმევდნენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს.
  • ცნობილია შემთხვევა, მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა და შემდეგ დახურეს კარი.
  • ცნობილი ხდება შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ცივ წყალს ასხამდნენ;
  • ასევე ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ წინდას;
  • დაკავებულებს აგინებდნენ, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხვით; ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა იგი ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ.
  • ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას, უღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დამცირების ფაქტებს. აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მისამართით დამამცირებელი ფრაზები. ვიდეოს თავად გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა".

21-ე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა