NYT: ისრაელის სახმელეთო ჯარები სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ

2 weeks ago 10

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელის სახმელეთო ძალებმა 1973 წლის შემდეგ პირველად გადაკვეთეს გაეროს მიერ კონტროლირებული დემილიტარიზებული ბუფერული ზონა და სირიის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს ისრაელის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

წყაროთა თანახმად, ისრაელის არმიის სახმელეთო ძალებმა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს ჰერმონის მთის მასივის მწვერვალი, რომელიც სირიის მხარეს მდებარეობს და კიდევ რამდენიმე ადგილი, რომლებსაც ამ რაიონის სტაბილური კონტროლისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

ჰერმონის მთა სირია-ლიბანის საზღვარზე მდებარეობს. მისი სამხრეთ ფერდები გოლანის მაღლობებთან ერთად ისრაელმა თავის ტერიტორიად გამოაცხადა 1967 წელს, „ექვსდღიანი ომის“ შედეგად. ისრაელი ჰერმონის მთის მასივის დაახლოებით 7%-ს აკონტროლებს.

The New York Times-ს მოჰყავს ისრაელის თავდაცვის არმიის შტაბის უფროს ჰერცი ჰალევის განცხადებაც, რომ ისრაელმა თავისი ჯარები განათავსა სირიის ტერიტორიაზე.

8 დეკემბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ სირიაში ასადის რეჟიმი დაემხო, ისრაელის ავიაციამ დამასკში დაბომბა ზოგიერთი სამხედრო დანიშნულების ობიექტი. გარდა ამისა, ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ძალები განათავსა სირიასთან საზღვარზე არსებულ ბუფერულ ზონაში, რათა დაიცვას გოლანის მაღლობების და ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება.

სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში. პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.

ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამია"(HTS). ეს დაჯგუფება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

„ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა" ბოლო წლებში კავშირი გაწყვიტა „ალ-ყაიდასთან" და ცდილობდა თავი წარმოეჩინა სირიის მთავრობის პრაგმატულ ალტერნატივად.

სირიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები.

ოპოზიციური გაერთიანებების გარდა, შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთნენ მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული „ალ-ყაიდა" და „ისლამური სახელმწიფო" და მათი მხარდამჭერი დაჯგუფებები.

13-წლიანი ომის შედეგად დაღუპულია 500 000-მდე ადამიანი, მათ შორის 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ათასობით დაიღუპა ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

ომის დაწყებამდე სირიის მოსახლეობა 16,5 მილიონი იყო. 6,5 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ გაიქცა.

სრულად წაკითხვა