რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია ბინის/ოფისის გასაჩხრეკად მოგვადგება – იურისტის განმარტება

2 weeks ago 8

დღეს, 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლებში შევიდა. ადგილზე მყოფი პოლიციელების ინფორმაციით, მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა ამის საფუძელს ისინი ჯერჯერობით არ განმარტავენ.

სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” სპიკერი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია განმარტავს ჩხრეკის სამართლებრივ საფუძვლებს.

რა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს გამომძიებელმა ჩხრეკის ჩასატარებლად?

– სასამართლოს განჩინება ან, გამომძიებლის დადგენილება (გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში).

ვინ უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას?

თუ ტარდება ბინის ჩხრეკა, მას უნდა ესწრებოდეს ბინის მესაკუთრე/მფლობელი. თუ ტარდება ოფისის ორგანიზაციის ჩხრეკა, მას უნდა ესწრებოდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და წარმომადგენელი. ადვოკატს აქვს უფლება დაესწროს ჩხრეკის პროცესს.

დაუშვებელია მათ გარეშე ჩხრეკის ჩატარება.

ჩხრეკის დაწყებამდე რა მოვალეობები აქვს გამომძიებელს?

ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელი ვალდებულია:

ბინის მესაკუთრეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს წარუდგინოს საკუთარი თავი და თანმხლები პირები, განუმარტოს მისვლის მიზეზი და ჩხრეკის ჩატარების საფუძველი;

– წარმოადგინოს სასამართლოს განჩინება/გამომძიებლის დადგენილება. გაცნობის ფაქტი უნდა დადასტურდეს ხელმოწერით;

– ჩხრეკის მონაწილეებს განუმარტოს მათი უფლება-მოვალეობები და ჩხრეკის ჩატარების წესი;

– ჩხრეკის ჩატარების დროს ვიდეო-აუდიო ჩაწერის შემთხვევაში, გააფრთხილოს ჩხრეკაში მონაწილე პირები. ბინის მესაკუთრეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს/ადვოკატს შეუძლია გამომძიებლის წინაშე დააყენოს მოთხოვნა ჩხრეკის აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ. ასეთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შენიშვნა უნდა გაკეთდეს ოქმში.

როგორ უნდა წარიმართოს ჩხრეკის პროცესი?

– ჩხრეკის პროცესის დაწებამდე გამომძიებელიმა უნდა შემოგთავაზოთ განჩინებაში/დადგენილებაში მითითებული ობიექტ(ებ)ის ნებაყოფლობით გადაცემა. ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მათი არასრულად გადაცემის შემთხვევაში იწყება ჩხრეკა;

ჩხრეკისას გამომძიებელს უფლება აქვს გააღოს დაკეტილი საცავი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი უარს ამბობს ნებაყოფლობით მათ გაღებაზე. დაზიანება უნდა იყოს პროპორციული;

– ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ობიექტი, გამომძიებელმა ამოღებამდე უნდა წარუდგინოს ჩხრეკაში მონაწილე პირებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამოიღოს;

– ამოღებული ობიექტ(ებ)ი გამომძიებელმა უნდა აღწეროს დაწვრილებით;

– ამოღებული ობიექტ(ებ)ი გამომძიებელმა უნდა შეფუთოს და დალუქოს. შეფუთული ნივთის ლუქზე უნდა აღინიშნოს მისი დალუქვის თარიღი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები.

დაუშვებელია რამდენიმე გამომძიებლის მიერ ოფისის სხვადასხვა ადგილის/ოთახის/სათავსოს ერთდროულად ჩხრეკა. დამსწრეებს უნდა ჰქონდეთ ჩხრეკის სრულ პროცესზე უწყვეტი და თანმიმდევრული დაკვირვების საშუალება.

ჩხრეკის ოქმი

– ჩხრეკის ოქმი უნდა შედგეს უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დასრულებისთანავე;

– ჩხრეკის ოქმში უნდა აისახოს ჩხრეკის მთლიანი პროცესი;

– ჩხრეკის დასრულებისთანავე ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად უნდა წარედგინოს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს;

– თუ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე რომელიმე პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი;

– ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის განმარტების შესაძლებლობა, რაც ასევე აღინიშნება ოქმში;

– ჩხრეკის ოქმის ასლი ადგილზევე უნდა ჩაბარდეს ბინის მესაკუთრეს, ოფისის/ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარმომადგენელს.

სრულად წაკითხვა