ბრედ პიტმა პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდზე გულწრფელად ისაუბრა – 62 წლის მსახიობმა Esquire-თან ვრცელ ინტერვიუში გაამხილა, რომ შვიდი წლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო. ამასთან, გაიხსენა პერიოდი, როდესაც „ოჯახურ პრობლემებთან“ დაკავშირებული ტკივილის გამო სუიციდური ფიქრებიც ჰქონდა.
ინტერვიუ, რომელიც 10 აგვისტოს გამოქვეყნდა, პიტის ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან თემას აერთიანებს – ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, გამოჯანმრთელებას, დედის გარდაცვალებას, ოჯახურ სირთულეებსა და ანჯელინა ჯოლისთან მრავალწლიან სამართლებრივ დაპირისპირებას. თავად მსახიობი ჯოლის სახელს ინტერვიუში პირდაპირ არ ახსენებს.

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი. შემდეგ ისევ დავიწყე დალევა — უფრო თავშეკავებული ფორმით,“ – თქვა მსახიობმა.
ინტერვიუს ყველაზე ემოციურ ნაწილში პიტმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავს ოპტიმისტ ადამიანად მიიჩნევდა და სუიციდური ფიქრები მისთვის უცხო იყო, თუმცა არსებობდა „ერთი პატარა პერიოდი“, როდესაც მდგომარეობა იმდენად მძიმე გახდა, რომ გამოსავალს ვეღარ ხედავდა.
„არასდროს მქონია სუიციდური ფიქრები, გარდა ერთი ძალიან მოკლე პერიოდისა. ყველაფერი ძალიან მიმძიმდა… თითქოს ჩიხში ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. ტკივილი იმდენად მძიმე იყო, რომ გამოსავალს ვერ ვხედავდი… მაგრამ ჩემი გადარჩენის ინსტინქტმა მაშინვე იმოქმედა,“ – გაიხსენა პიტმა.
როდესაც ჟურნალისტმა სცადა გაერკვია, კონკრეტულად რას უკავშირდებოდა ეს პერიოდი და ჰქონდა თუ არა მას კავშირი შვილებთან, პიტმა თემის გაგრძელება აღარ ისურვა და დაამატა: „ეს ოჯახური ამბებია. მოდი, აქ გავჩერდეთ.“

მსახიობმა ინტერვიუში დედის გარდაცვალებაზეც ისაუბრა. მისი დედა, ჯეინ ეტა პიტი, 2025 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. პიტის თქმით, დანაკარგმა მის ოჯახში კიდევ ერთი მძიმე პერიოდი შექმნა.
„ვფიქრობ, მწუხარება ალბათ ყველა ემოციაზე მეტად გვათანაბრებს,“ — თქვა მან.
„დანაკარგი ყველაზე ღრმა რამ არის, რასაც ადამიანი შეიძლება გაუმკლავდეს, ხოლო მარტოობა, რომელიც მას შეიძლება მოჰყვეს, უდიდესი ტანჯვაა.“
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

პიტსა და ჯოლის ექვსი შვილი ჰყავთ – მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპები, ნოქსი და ვივიენი. წყვილმა ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო, 2014 წელს დაქორწინდა, ხოლო ჯოლიმ განქორწინებაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა. ყოფილ მეუღლეებს შორის სამართლებრივი დავები, მათ შორის საფრანგეთში მდებარე Château Miraval-ის საკითხზე, კვლავ გრძელდება.
პიტისა და ჯოლის ურთიერთობის ყველაზე მძიმე ეპიზოდად 2016 წლის სექტემბერში მომხდარი ინციდენტი რჩება.
2016 წლის 14 სექტემბერს, საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში მიმავალ კერძო თვითმფრინავში, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ექვს შვილთან ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ჯოლიმ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში განაცხადა, რომ ფრენის დროს პიტი აგრესიულად იქცეოდა, მას ფიზიკურად შეეხო და ბავშვების მიმართაც ძალადობრივი ქცევა გამოავლინა.

დოკუმენტებში ასევე ეწერა, რომ პიტმა ერთ-ერთ ბავშვს ყელში ხელი წაუჭირა, ხოლო მეორეს სახეში დაარტყა.
მსახიობის წარმომადგენლებმა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ჯოლი წლების წინ მომხდარი ინციდენტის აღწერას ცვლიდა და „არასწორ ინფორმაციას“ ავრცელებდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2016 წლის ინციდენტი FBI-მ და ლოს-ანჯელესის ბავშვთა და ოჯახის სერვისების დეპარტამენტმა გამოიძიეს. FBI-მ საბოლოოდ განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენას არ აპირებდა, ხოლო ბავშვთა დაცვის უწყებამ გამოძიება დახურა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! უთანხმოება გრძელდება – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა
okmagazine ცხოვრების სტილი