არსენ გვენეტაძეს საზოგადოება, პირველ რიგში, გამორჩეულ რეპროდუქტოლოგად იცნობს. ექიმად, რომლის პროფესიული გზა უამრავ ახალ სიცოცხლის დაბადებას უკავშირდება, მაგრამ ვინც მას პირადად იცნობს, დამეთანხმება, რომ მედიცინა მისი ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი განზომილებაა.
წლებია, ბედნიერება მაქვს, ბატონ არსენს ვიცნობდე. ამ ხნის განმავლობაში არაერთ თემაზე გვისაუბრია, თუმცა ჩვენი თითქმის ყველა დიალოგი საბოლოოდ მაინც ადამიანამდე მიდის. სიცოცხლემდე, იმ უხილავ ძალამდე, რომელიც ადამიანს დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომას აიძულებს.
მასთან დიალოგისას, ძალიან მალე ხვდები, რომ შენ წინ მხოლოდ მაღალი კლასის ექიმი არ ზის. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდებოდა სიცოცხლეს, ადამიანურ ბუნებას, ტკივილს, იმედს, სიყვარულს, მარცხს, გამარჯვებას და ამ ყველაფრიდან საკუთარი ცხოვრების ფილოსოფია შექმნა.
იქნებ სწორედ ამიტომაც უწოდებს ბევრი მას ბედნიერების ელჩს. არა იმიტომ, რომ ბედნიერებაზე ლაპარაკობს, არამედ იმიტომ, რომ მისი ცხოვრების ყოველი ნაბიჯი ამ სიტყვას შინაარსით ავსებს. მისთვის ბედნიერება არ არის შემთხვევითობა, არც იღბალი, არც გარემოებების საჩუქარი. ბედნიერება არჩევანია, ყოველდღიური, გაცნობიერებული, ზოგჯერ ძალიან რთული არჩევანი. ამ არჩევანის ფასიც თავად ყველაზე უკეთ იცის.
როგორც ექიმმა, ათასობით ოჯახის ბედნიერების დაბადებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ადამიანმა, სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდა გადაიტანა, მსხვილი ნაწლავის კიბო, მძიმე სენი დაამარცხა და ცხოვრებისგან მეორე შანსი მიიღო. სწორედ ამიტომ, როდესაც სიცოცხლეზე, მადლიერებაზე, პატიებაზე, საკუთარ თავთან მეგობრობასა და თავისუფლებაზე საუბრობს, მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ეს მისი განვლილი გზაა.
ამ გზის გაგრძელებაა ოჯახიც.

ცოტა ხნის წინ მისმა ვაჟმა, ლუკა გვენეტაძემ (რომელიც ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ფინანსური დირექტორია), ურთულესი „აირონმენის“ დისტანცია წარმატებით დაასრულა, ფრანქფურტში, 38 გრადუსი სიცხის მიუხედავად. ოთხი კილომეტრი ცურვა, ასოცდახუთი კილომეტრი ველოსპორტი და ოცდაერთი კილომეტრი სირბილი, ერთი დღის განმავლობაში, შესვენების გარეშე. 8 საათი და 10 წუთი მოანდომა ამ მარათონს, სადაც დაახლოებით 3 ათასი მონაწილე იყო დარეგისტრირებული. ასეთ შედეგებს მხოლოდ ძლიერი სხეული ვერ აღწევს. მის უკან ძლიერი ხასიათი, დისციპლინა, ნებისყოფა და ღირებულებები დგას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალიშვილი, მარიამ გვენეტაძე, ლიმრიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) სტუდენტია, სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით, უნივერსიტეტის მშვილდოსანთა კლუბის კო პრეზიდენტია და ერთ-ერთ ბოლო სტუდენტურ ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა მშვილდით სროლის ტურნირზე.
ალბათ, სწორედ აქ ხვდები, რომ მშობლები შვილებს მხოლოდ სიტყვებით კი არა, საკუთარი ცხოვრების წესით ზრდიან.
რამდენიმე თვის წინ ბატონმა არსენმა თავის მრავალწლიან დაკვირვებებს ერთი სახელი დაარქვა. „ახალი, თანამედროვე ადამიანი“ და ამჟამად გამოსაცემად ამზადებს „უბის წიგნს“ – ახალი ადამიანის სავიზიტო ბარათი არსენისაგან, შენ, აქ და ახლა…
ეს არ არის თეორია, არც მორიგი მოტივაციური ტექსტი. ეს არის რწმენა, რომ ადამიანი ყოველდღე შეიძლება თავიდან დაიბადოს. რომ ასაკი მხოლოდ პასპორტში წერია, ხოლო რეალურად „ახალ ადამიანს ასაკი არ აქვს!“, რომ პატიება თავისუფლების დასაწყისია, რომ საკუთარ თავთან მეგობრობა ბედნიერებაა, რომ სიყვარული სიცოცხლის ყველაზე დიდი ძალაა, რომ, საბოლოოდ, არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჟურნალ OK-სთან ერთ-ერთი სტატიის მომზადებისას ბატონი არსენი „ახალ ელჩად“, „მადლიერების ელჩად დაიბადა“.
ვინ არის ახალი ადამიანი? შეიძლება თუ არა, თანამედროვე სამყაროში, მუდმივი დაძაბულობის, ინფორმაციული ქაოსისა და შიშის ფონზე, ადამიანი შინაგანად მაინც თავისუფალი, ბედნიერი და მადლიერი დარჩეს?
სწორედ ამ კითხვებით დავიწყე საუბარი ბატონ არსენ გვენეტაძესთან.

ბატონო არსენ, თქვენი ნააზრევის წაკითხვისას ერთი განცდა დამრჩა. თითქოს არ წერთ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს სამყარო. თქვენ წერთ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს ადამიანი. როდის მიხვდით, რომ ყველა დიდი ცვლილება სწორედ საკუთარი თავიდან იწყება?
როცა პირველად დეილ კარნეგისთან, შემდეგ კი სხვაგანაც წავიკითხე და საფუძვლიანად გავითავისე, რომ ერთადერთი ადამიანი ვისი შეცვლაც შემიძლია მხოლოდ საკუთარი თავია!
ეს მანტრაც ჩემი ყოველი დილის სტარტია:
„როცა საკუთარ თავს ყოველდღიურად წვრთნი და ცვლი, მაშინ ჭეშმარიტად იბადები და აქ და ახლა საკუთარ ბედნიერებას ქმნი!“
(Dr. AG)
თქვენს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც თავადაც ყველაზე რთული გამოცდის წინაშე იდექით. როგორ ცვლის მძიმე დაავადება ადამიანის დამოკიდებულებას სიცოცხლის, დროისა და საკუთარი თავის მიმართ? იყო თუ არა ეს გამოცდილება იმ ახალი ადამიანის დაბადება, რომელზეც დღეს საუბრობთ?
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი ტრიგერი კიბოს გადატანა გახდა!
მან ნათლად დამანახვა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არა, სიცოცხლის ხარისხია მთავარი!
ყველას გაგიგონიათ გავრცელებული გამოთქმა: „დრო ფულია!“.
მე კი ვამბობ:
„დრო სიცოცხლეა!“…
და ამ სენტენციას ჩემი მთავარი ლექსი, მანტრა და ერთი გამორჩეული ნახატიც მივუძღვენი!
ინებეთ ამონარიდი ჩემი ლექსიდან „დრო სიცოცხლეა“:
მცირდება როგორც „შაგრენის ტყავი“!
მაშ ნუ გავფლანგავთ დროს უნიათოდ
და ნუ ვიცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით,
ნუ გავებმებით დოგმის მახეში… (Dr. AG)
და ეს მანტრა:
„გახსოვდეს, დრო სიცოცხლეა! სიცოცხლე რბოლა არ არის, ნუ გარბიხართ!
ცხოვრება მოგზაურობაა, დატკბით და ისიამოვნეთ სიცოცხლით!“. (Dr. AG)

თქვენი აზრით, რატომ უჭირს თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარ თავთან დამეგობრება? რა გვაშორებს საკუთარ შინაგან თავისუფლებას?
ეს კითხვა, როგორც იტყვიან, „მილიარდ დოლარად“ფასობს!
ვფიქრობ, საკუთარ თავთან დამეგობრება და პიროვნული თავისუფლება განათლებით, ემოციური ინტელექტის წვრთნით და პოზიტიური აზროვნებით მიიღწევა!
აქ მინდა გაგიზიაროთ ამონარიდი საკუთარი ლექსიდან „დრო სიცოცხლეა!“
„… იგრძენი სული თავისუფალი,
პატივი ეცი გულისთქმას შენსას,
და ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით.
იყავ „შიშველი“, იყავ „მშიერი“, იყავ „სულელი“, შეყვარებული,
თავისუფალი, ღირსეული და ბედნიერი!“.
(„შიშველი“ ნიშნავს გამჭვირვალედ ცხოვრებას, „მშიერი“ იდეებით „მოშიებულს“, „სულელი“ კი, ფიქრს და აზროვნებას ჩარჩოებს გარეთ!) Dr. AG
თქვენ ამბობთ, რომ ადამიანებს კარგებად და ცუდებად არ ყოფთ. დღევანდელ სამყაროში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ძალიან მარტივად აკრავენ იარლიყებს, რამდენად რთულია ამ პრინციპის ერთგული დარჩე?
ასე იყო, არის და იქნება მეტ-ნაკლები დოზირებით მუდამ!
ჩემი აზრით, აქ პრინციპის ეთგულებას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ტოლერანტობას, ემპათიას, გონივრულად ემოციათა მართვას, ანუ ემოციურ ინტელექტს ეკუთვნის, ანუ „მოეკითხება ლომის წილი“!..
„ცუდს თუ ცუდი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქვა“? – სამართლიანად იკითხავს მკითხველი.
მე ჩემთვის ვამბობ:
უბრალოდ ადამიანი;
კარგი ადამიანი, ანუ ჩემი ადამიანი;
და არა ჩემი, შესაძლოა რთული ადამიანი, რაც ავტომატურად არ ნიშნავს ცუდ ადამიანს!
იქნებ მე თავად ვარ ის „ცუდი“ და „საჩემოდ ჩემი“ ადამიანიც, თუ ჩემდაგვარია, გამოდის, რომ ისიც „ცუდია“!!!
მე ცუდი ადამიანი ვარო, ვფიქრობ, იშვიათად გაგიგიათ ვინმესგან!
ძირითადად, „ცუდ ადამიანს“ სხვებს უწოდებს ადამიანი, მისი აზრით „დამსახურებულად“, ზოგჯერ დაუმსახურებლად, ან უბრალოდ სხვის შეფასებას იმეორებს!
შემაჯამებლად ვიტყვი:
როცა ადამიანებში ცუდს არ ვეძებ, გაცილებით მშვიდად ვარ და ჩემს გონებაში „ბედნიერების სინათლე“ უკეთ შეიძლება შევნიშნო!
თქვენთვის სიყვარული, მადლიერება, ზრუნვა და თავისუფლება ბედნიერების საფუძველია. ამ ოთხიდან რომელია ის პირველი ნაბიჯი, რომლის გარეშეც დანარჩენი ვერ იარსებებს?
ვფიქრობ თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება!
რას ნიშნავს თქვენთვის მაგალითის ძალა, როგორც მამისთვის, რომელმაც შვილის დიდი გამარჯვება საკუთარი თვალით ნახა და რომელმაც არაერთი საკუთარი გამარჯვებაც მოიპოვა?
მე ვიტყოდი: „მაგალითის ძალა“ რეალური ძალაა, სიცოცხლის ძალაა!
ბოლოს, მინდა იმ ფრაზით დაასრულოთ, რომელიც თქვენი ფილოსოფიის მთავარ გზავნილად რჩება. თუ ადამიანს, მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმას ურჩევდით ახალი ადამიანისკენ, რა იქნებოდა ეს პირველი ნაბიჯი?
„მარტივია“:
პიროვნული თავისუფლების შეცნობით საკუთარ თავთან დამეგობრება!
როგორც იცით ვმუშაობ წიგნზე „ახალი ადამიანის სავიზიტო ბარათი“. ორ მარტივ მიგნებას გაგიზიარებთ ამ წიგნიდან:
„ახალ ადამიანს ასაკი არ აქვს!“
„ასაკი დედოფალია, მედიცინა კი მეფეა ამ დედოფალზე მზურველი „მბრძანებელი“!
შეუძლებელი კი არაფერია!“
აქ ჩემი ახალი მანტრა იქნება, ალბათ, უპრიანი:
„გენიალურად მარტივი სიტყვა სამოთხის ვაშლივითაა“!
P. S. სამოთხის ვაშლი ხომ ვიღაცისთვის სიცოცხლის დასაწყისია, ვიღაცისთვის ვნებაა, ვიღაცისთვის კი ცოდვის საწყისი!
ტექსტი: ქეთა დაუშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი.

6 days ago
28







English (US) ·
Georgian (GE) ·