#OK! დიდი წარმატებისკენ გზა სურვილით და მიზნის დასახვით იწყება – ზვიად კორძაძის წარმატების ისტორია

3 weeks ago 10

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ცნობილ ადვოკატს – ზვიად კორძაძეს, მაქსიმალისტს, საკუთარი საქმის პროფესიონალს, რომელიც არასოდეს უშინდება გამოწვევებს. მისი საადვოკატო ბიურო 30 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და მის სანდოობასა და პროფესიონალიზმზე ასობით მოგებული საქმე და კმაყოფილი კლიენტები მეტყველებს.

ბატონო ზვიად, დავიწყოთ თავიდან, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

სკოლა საბჭოთა კავშირის დროს დავამთავრე, მაშინ ადვოკატობა არ იყო მოთხოვნადი პროფესია. ჩემს მშობლებს სურდათ ექიმი გამოვსულიყავი. მიუხედავად ამისა, ბოლო კლასში უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი იურისტობა. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუფიქრდები, ჩემს პროფესიულ არჩევანზე მაშინ ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამაც იმოქმედა. ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობის პროფესიული არჩევანისთვის მუხტის მიმცემი აღმოჩნდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოვხვდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რამაც დიდად განაპირობა ჩემი შემდეგი პროფესიული ცხოვრება: ჩემს კოლეგებთან ერთად მალევე შევქმენი საადვოკატო ბიურო.

წარმოგვიდგინეთ „კორძაძის საადვოკატო ბიურო“, რამ განაპირობა თქვენი ბიუროს წარმატება?

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“ – ადგილობრივ და უცხოურ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებს – კვალიფიციური იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს სამართლის ყველა დარგში. იურიდიული მომსახურება ხორციელდება ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. შექმნის დღიდან ჩემი მიზანი იყო, ჩვენთან მოსულ ადამიანს ერთ სივრცეში მიეღო მისთვის საჭირო ყველა მომსახურება იურიდიულ სფეროში.

ამ 30 წლის განმავლობაში არაერთი ერთგული კლიენტი შევიძინეთ, რაც, უპირველესად, ალბათ იმის დამსახურებაა, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი და ეთიკურობა ჩვენი პრიორიტეტებია. შემდეგ კმაყოფილ კლიენტს ახალი კლიენტი მოჰყავს.

გარდა ამისა, ჩვენს პროფესიაში, და არამხოლოდ, მნიშვნელოვანია ფეხი აუწყო დღევანდელობას, რადგან გამოწვევები ადრე თუ ყოველ 5 წელიწადში იცვლებოდა, ახლა, ტექნოლოგიების ეპოქაში, ყველაფერი უფრო დაჩქარებულია, ამიტომაც არ უნდა გაიყინო ერთ ეტაპზე, მუდმივად გაეცნო დარგის სიახლეებს და განვითარდე.

კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობთ?

თავიდანვე შევეცადე, არ ვყოფილიყავი ვიწრო პროფილის ადვოკატი. ვმუშაობ სხვადასხვა მიმართულებით – სისხლის, სამოქალაქო, კორპორაციული და ადმინისტრაციული სამართალი. ეს ჩემი არჩევანია და ამით, რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ სისხლის ან სამოქალაქო მიმართულებით მუშაობს. ზოგ შემთხვევაში მულტიპროფილურობა ცუდია, თუ ხარისხს ვერ ინარჩუნებ, მაგრამ თუ ინარჩუნებ, უპირატესობაა.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადვოკატს?

ზოგადად, უნდა აღვნიშნოთ იურისტსა და ადვოკატს შორის განსხვავება. იურისტმა კარგად უნდა იცოდეს კანონები, ჩარჩოები, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. თუმცა, როდესაც კლიენტი ადვოკატთან მიდის, მას მარტო ეს არ აინტერესებს. მას სურს პრობლემის გადაჭრა, გამოსავალი, ამიტომაც უნდა შესთავაზო კონკრეტულად მის საქმეზე მორგებული სტრატეგია. ასეთ დროს ადვოკატი საზღვრავს, როდის რა თქვას, მათ შორის სასამართლოზე, რადგან შესაძლოა ამ არგუმენტის თქმის დრო ჯერ არ დამდგარა. ეს კი იურისტს არ ეპატიება. ადვოკატი როცა ხარ, თავის გამოჩენამ არ უნდა წაგძლიოს. ეს პროფესია, ერთი მხრივ, გაძლევს საშუალებას, გამოჩნდე, თუმცა ეს მიზანი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს საშუალება. მე როცა საზოგადოებრივ საკითხებზე გამოვდივარ, იქ ვარ იურისტი, რადგან ვსაუბრობ კონკრეტულად სიტუაციასა და პრობლემაზე. ხოლო როცა, როგორც ადვოკატი, ვსაუბრობ მედიასთან, ვსაუბრობ საქმის საჭიროებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგალითად, ჩემი საუბარი კონკრეტულ შემთხვევაში ვინმეს შეიძლება უფრო ბუნდოვანი და ზოგადი მოეჩვენოს. ადვოკატმა მთელი რესურსი უნდა მოახმაროს კონკრეტულ საქმეს და არა იმას, თუ როგორი გამოჩნდება საზოგადოების თვალში.

მიმაჩნია, რომ თუ ეს პროფესია არ გიყვარს, მხოლოდ შემოსავლის გამო ამ სფეროში დიდხანს ვერ გაჩერდები. ემოციურად ძალიან დამღლელი და შრომატევადია, ამიტომაც ბევრი გაეცალა ამ პროფესიას.

მაქსიმალისტი ხართ?

ძალიან, და ამავდროულად, პერფექციონისტი ვარ. ძალიან რთულია ეს, რადგან შენ გარშემო ადამიანებისგან იმავეს ითხოვ. მაგრამ უნდა იცოდე, რომ ზოგ ადამიანს არ აქვს ეს თვისებები. სწორედ ამიტომ, როცა გუნდის ხელმძღვანელი ხარ, ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და შეეცადო მათი საუკეთესო თვისებები წამოწიო წინ. მე ეს ასაკთან ერთად გავიაზრე, ასევე, გავაცნობიერე, რომ ყოველთვის მართალი არ ხარ და საერთოდაც, უნდა დაუშვა, რომ რაღაც კონკრეტული ქცევა შესაძლოა ახლა სწორია, თუმცა 20 წლის შემდეგ ასე არ იყოს. ყველა ადამიანს თავის ქცევაში აქვს თავისი სიმართლე. ადამიანის ქცევა დროსა და კონკრეტულ გარემოებებშია შესაფასებელი და არა განყენებულად მორალისტურ კატეგორიებთან მიმართებაში.

რას მოაქვს წარმატება?

დიდი წარმატებისკენ გზა, უპირველესად, სურვილით იწყება, შემდეგ კი მიზნის დასახვით. მეოთხე კურსის სტუდენტებს როცა ვეკითხები – „აბა, რა გინდათ, 10 წლის მერე სად ხედავთ თავს?“ ძირითადად ვერ მპასუხობენ. როდესაც კონკრეტული მიზანი არ გაქვს, რთულია წარმატების მიღწევა. წარმატებას განაპირობებს მიზნების კონკრეტულობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიზნები არ შეიცვლება, მაგრამ როდესაც გაქვს კონკრეტული მიზანი, მაგალითად, გახდე ადვოკატი, არ იწყებ ისეთი უნარ-ჩვევების შესწავლას, რომელიც სჭირდება ნოტარიუსს ან პროკურორს.

მეორე – წარმატება მოაქვს ცოდნას, რომელიც ყოველთვის უნდა განაახლო. მუდმივად ფორმაში უნდა იყო, რაც გულისხმობს კანონმდებლობის, სასამართლო გადაწყვეტილებების, სიახლეების ცოდნას.

მესამე – არჩეული პროფესიის სიყვარული. თუ შენი საქმე არ გიყვარს, შეიძლება იშოვო ფული, მაგრამ შენი მიღწეული წარმატება იქნება მოკლევადიანი. ყველა გენიოსის, ყველა წარმატებული ადამიანის შედევრის უკან, რომელიც ისტორიას დარჩა, დიდი შრომაა ჩადებული.

თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ, რა არის თქვენი გატაცება?

რაღაც ეტაპამდე გატაცება მეღვინეობა იყო, თუმცა ახლა უკვე საქმედ ვაქციე. თანაბარ ყურადღებას ვაქცევ როგორც პროფესიას, ასევე ახალშეძენილ საქმიანობასაც. მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ ჩემი ღვინო ვერ იქნება ცუდი, რადგან ამას ჯერ არც საკუთარ თავს ვაკადრებ და არც მომხმარებელს.

რაც შეეხება თავისუფალ დროს, ბოლო დროს მივხვდი, რომ ყველაზე კარგი დასვენება არაფრის კეთებაა, თუ გაქვს ამის ფუფუნება და საშუალება. ჩვენ ხშირად დასვენება და გართობა ერთმანეთში გვერევა. რაც უფრო მალე მიხვდება ადამიანი, რომ დასვენების კულტურა არის შრომის კულტურის შემადგენელი ნაწილი, მით უფრო კარგი შედეგი ექნება შრომის დროს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა